ალეკო ელისაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

2 weeks ago 4

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას პროკურატურა "ქართული ოცნების" წევრზე, ალი ბაბაევზე თავდასხმას ედავება. მას 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა 3 000-ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე.

ელისაშვილი 4 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე, ოპოზიციონერების შეხვედრის პარალელურად "ქორთიარდ მერიოტის" მიმდებარედ მომხდარი შელაპარაკებისას, მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილთან ერთად დააკავა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ელისაშვილი არა ამ ფაქტის, არამედ ბაბაევზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულმა მედიამ მალევე გაავრცელა ქუჩის სათვალთვალო კამერებიდან გადაღებული კადრები, რომლებზეც ელისაშვილისა და ბაბაევის დაპირისპირებაა ასახული.

სასამართლოზე ელისაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ბაბაევმა მას შეურაცხყოფა მიაყენა, ფიზიკური დაპირისპირებისას კი ეცადა ელისაშვილისთვის რკინის ჯოხის ჩარტყმასაც, რასაც, ადვოკატებისვე თქმით, თავად ბაბევიც ადასტურებს, თუმცა "აუცილებელი მოგერიების ფარგლებში". ელისაშვილი მის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

ელისაშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (ძალადობის გამოყენებით ჩადენილი დევნა), რომელიც სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ელისაშვილს დღეს, სასამართლო პროცესზე სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ალეკო ელისაშვილის დაკავებისას უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

შემდეგი სასამართლო სხდომა 23 იანვარს, 11:00 საათზე დაინიშნა.

სრულად წაკითხვა