მსოფლიო კინოვარსკვლავს, ალენ დელონს იმქვეყნად თავისი ოთხფეხა მეგობრების დარდი გაჰყვა. მთელი ცხოვრება მათ მოვლა-პატრონობაში გაატარა.
მისი პირველი ძაღლი დობერმანი იყო, სახელად გალა. მსახიობი ცხოველების დაცვის ორგანიზაციის წევრი იყო. მის მამულში ბევრი ძაღლი ცხოვრობდა. საყვარელი ძაღლების სასაფლაოებიც თავისივე მამულში ჰქონდა, სადაც სამლოცველოც ააშენა.
-მე ძაღლებთან ერთად გავიზარდე და მათთან ერთად გავატარე მთელი ჩემი ცხოვრება. ჩემი პირველი ძაღლი გალა იყო. ერთხელ მე მას ვუყვირე და ერთი ვუთავაზე კიდეც. ამის მიუხედავად, ის არ გაიქცა, იქვე დაჯდა და მე დავინახე, რომ გალა ტიროდა. მაშინ ყველაფერს მივხვდი და იქიდან მოყოლებული ჩემი ძაღლები ყოველთვის იღიმიან, მაშინაც კი, თუ რამეს დააშავებენ…
მე ყოველთვის გულს მიჩუყებენ ძაღლები, რომლებიც უსახლკაროებთან ერთად ქუჩაში ცხოვრობენ. მათთვის სულ ერთია ის, რომ პატრონი მიუსაფარია. ძაღლს ადამიანი ისე უყვარს, როგორც მამა, ისევე, როგორც მიტერანის ლაბრადორს თავისი პატრონი და მან არ იცის, რომ ის ქვეყნის პრეზიდენტი იყო.
თქვენ რა გგონიათ, რომ ჩემმა ძაღლებმა იციან, რომ ალენ დელონი ვარ? მათთვის სულ ერთია! ჩემს ძაღლებს ძალიან ვუყვარვარ. მათ არ იციან, ვინ ვარ და რას ვაკეთებ. ეს უპირობო სიყვარულია, გაუაზრებელი, სრული და ნამდვილი სიყვარული! – ყვებოდა კინოს ლეგენდა, რომელიც ხშირად დადიოდა სამხედრო ქურთუკით, რომელშიც ძაღლებს ისვამდა.