ირანის ელჩი ალი მოჯანი ქეთევან დედოფალთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადების გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
სამინისტროს შეფასებით, ირანის ელჩის განცხადება დიპლომატიური საქმიანობის ფარგლებს სცდება.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ალი მოჯანი დიპლომატიურ სკანდალში ეხვევა. მსგავს სიტუაციაში ის სხვა ქვეყნებშიც აღმოჩენილა.
სანამ საქართველოში ელჩად დაინიშნებოდა, ალი მოჯანი ირანის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მრჩეველი იყო ავღანეთის საკითხებში. 2024 წლის ივლისში თალიბანის დე ფაქტო მთავრობამ ალი მოჯანი პერსონა ნონ გრატად (Persona non grata) გამოაცხადა და ავღანეთის ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვა.
თალიბანის განცხადებით მიზეზი ის გახდა, რომ ირანელმა დიპლომატმა გადაამეტა თავის დიპლომატიურ უფლებამოსილებას, უხეშად ჩაერია ქვეყნის შიდა საქმეებში და „დაარღვია დიპლომატიური საზღვრები“. კერძოდ, ალი მოჯანმა ითხოვა ნებართვა, ყანდაჰარში შეერთებოდა ეიდ ალ-ადჰას (ყურბან-ბაირამის) ლოცვას, რომელსაც თალიბანის ლიდერი, მულა ჰიბათულა ახუნდზადა უძღვებოდა. ალი მოჯანის განცხადებით, თალიბანის წევრებმა მას საშუალება არ მისცეს ლოცვას დასწრებოდა. მისი თქმით, მან მანამდე ოფიციალური წერილი გაუგზავნა თალიბანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სადღესასწაულო ლოცვაში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა სამინისტრომ დიპლომატიური პროტოკოლი არ დაიცვა და მის ოფიციალურ მოთხოვნას არ უპასუხა.
ალი მოჯანი ასევე იყო გერმანიაში ირანის კულტურული ატაშე. ბერლინში მისი მოღვაწეობაც ხმაურიანი აღმოჩნდა.
ერთ-ერთი სკანდალი ბერლინის ებრაულ მუზეუმს უკავშირდება. 2019 წელს ბერლინის ებრაული მუზეუმის დირექტორმა, პეტერ შაფერმა ოფიციალურად უმასპინძლა ალი მოჯანს, რომელიც იმ დროს ირანის კულტურული ატაშე იყო. შეხვედრის დროს მოჯანმა განაცხადა, რომ „ანტისიონიზმი არ არის ანტისემიტიზმი“. ამ შეხვედრამ და გერმანიაში ირანის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლის მიღებამ ებრაულ მუზეუმში დიდი კრიტიკა გამოიწვია გერმანიის ებრაელთა ცენტრალურ საბჭოში, ისრაელის დიპლომატიურ წრეებსა და გერმანულ მედიაში.
netgazeti