ეუთოში გაერთიანებული სამეფოს დელეგაციის უფროსმა სამხედრო მრჩეველმა ჯობი რიმერმა გასულ კვირაში “უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ფორუმზე“ (FSC) რუსეთის დელეგაციის მიერ ასახულ ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" წარმატებაზე წარმოდგენილ ინფორმაციას გამოეხმაურა:
"ეს განცხადებები ვერ უძლებს კრიტიკას და მიგვაჩნია, რომ ამ ფორუმზე უნდა გაეცეს პასუხი.
რუსეთმა განაცხადა, რომ მათ დაიკავეს 2300 კვადრატულ კილომეტრზე მეტი და 220 დასახლებაზე მეტი 2026 წლის განმავლობაში, მათ შორის 670 კვადრატულ კილომეტრზე მეტი და 27 დასახლებაზე მეტი - სექტემბერში. დამოუკიდებელი ღია წყაროების ანალიზით დგინდება, რომ რეალობა ამ მონაცემებთან ახლოსაც არ არის".
რიმერის განცხადებით, რუსეთი "შეეცადა ეჩვენებინა უკრაინაში მათი გარდაუვალი სამხედრო წარმატების სურათი. ითქვა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები „მდგრადად მიიწევენ წინ ყველა ფრონტზე“. მათ უკრაინის ოპერაციები და კონტრიერიშები აღწერეს, როგორც „უსარგებლო“. და დასავლეთის სამხედრო დახმარება დახატეს როგორც უეფექტო". დამოუკიდებელი ანალიტიკოსების შეფასებების თანახმად კი, "რუსეთმა მის მიერ გამოცხადებული ტერიტორიის მხოლოდ ნაწილი დაიკავა, ამავე დროს უკრაინული კონტშეტევების შედეგად ფართობის მნიშვნელოვანი ნაწილი გათავისუფლდა. ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ამბობს, რომ უკრაინამ 85 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლა მხოლოდ ოპერაცია „ვივალდის“ დროს".
ჯობი რიმერს მიაჩნია, რომ შერჩევითი ტაქტიკური გადაადგილებების ინტერპეტაცია „ყველა ფრონტზე წინსვლად“ არ არის სამხედრო შეფასება და არ არსებობს რუსეთის გადამწყვეტი გარღვევის ან რამე თვალსაზრისით ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნების მიღწევის არანაირი ინდიკატორი:
"რუსეთს ჰქონდა ლოკალიზებული წინსვლები, მაგრამ მცირე ტაქტიკური გადაადგილებები არ წარმოადგენს გარდაუვალ გამარჯვებას. რუსეთის ძალები ყველგან წინ არ მიიწევენ. უკრაინა არ განადგურებულა და უკრაინის შეიარაღებული ძალები კვლავაც უკიდურესად უნარიანად იბრუნებენ ტერიტორიას, როგორც ამას აჩვენებს მტკიცებულებები ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე".
ბრიტანელი სამხედრო მრჩეველი შეეხო უკრაინისთვის დასავლეთის სამხედრო დახმარების დაკნინების თემასაც:
"რუსეთმა გამოიყენა „განადგურებული“ დასავლური ტექნიკის ვიზუალური მასალა იმის სათქმელად, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარება წარუმატებელი აღმოჩნდა.
პირადი გამოცდილებით ძალიან კარგად ვიცი, რომ დასავლური მანქანები სუსტი არ არის. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა კიდეც განადგურებულიყო, დაზიანებულიყო ან მიეტოვებინათ, მაგრამ ინდივიდუალური სისტემების დანაკარგი განუყოფელია მაღალი ინტენსივობის ომში და ეს არ ადასტურებს, რომ ეს სისტემები ოპერაციულად გამოუსადეგარი იყო.
2026 წლის მაისისთვის ღია წყაროების პროექტ ORYX-მა ვიზუალურად დაადასტურა რუსეთის დანაკარგები: 4390 საბრძოლო ტანკი, 6429 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 730 ჯავშანმანქანა და 2000-ზე მეტი სხვა ჯავშანტექნიკა".
ჯობი რიმერის თქმით, რუსეთის ქცევა ეწინააღმდეგება მათსავე განცხადებებს:
"რუსეთი აცხადებს, რომ დასავლეთის სამხედრო დახმარება უსარგებლო აღმოჩნდა, თუმცა გამუდმებით მოითხოვენ, რომ შევაჩეროთ მისი მიწოდება. ის მნიშვნელოვანი ძალისხმევა, რასაც რუსეთის შეიარაღებული ძალების სწევენ დასავლური სისტემების ლოკაციის დადგენის, მათი მომარაგების მოშლისა და თავდაცვითი საწარმოო ობიექტების დაბომბვა აჩვენებს ჩვენი დახმარების ღირებულებას".
ეუთოში გაერთიანებული სამეფოს დელეგაციის უფროსმა სამხედრო მრჩეველმა 30 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთი ემუქრება უკრაინასთან თავდაცვით-ინდუსტრიულ თანამშრომლობაში მონაწილე კომპანიებს:
"ასეთი მუქარები ჩვენ ვერ შეგვაშინებს. გავაგრძელებთ უკრაინისთვის დახმარების მიწოდებას, რაც მას სჭირდება რუსეთის შეჭრისგან თავდაცვისთვის".
რიმერმა გაიმეორა ლონდონის პოზიცია, რომ ბრიტანეთს არ სურს რუსეთთან ესკალაცია. ამასთან, ის აღწერს უკრაინაში ომის მეხუთე წელიწადს არსებულ მდგომარეობას:
"უკრაინა ინარჩუნებს ფრონტის დაცვის უნარს, ახორციელებს კონტრიერიშებს და ბომბავს სამხედრო და ომის მხარდამჭერ სამიზნეებს. რუსეთის ფედერაციის უკანონო სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ოთხ წელზე მეტი ხნის შემდეგაც უკრაინის შეიარაღებული ძალები კვლავაც ოპერაბელურია.
უკრაინის თავდაცვითი ინდუსტრია განაგრძობს ადაპტაციას და მისი საერთაშორისო თავდაცვითი პარტნიორობები ღრმავდება. რუსეთმა ვერ მოახერხა უკრაინის მთელი ტერიტორიის დაკავება და ახლა უკრაინისგან მოითხოვს დანებებას".
გაერთიანებული სამეფოს დელეგაციის წევრმა სამშაბათს სიტყვით გამოსვლის დასასრულ განაცხადა, რომ მოსკოვს დიდი არჩევანი არ გააჩნია:
„კრემლს არჩევანი აქვს არა გარდაუვალ გამარჯვებასა და მოლაპარაკებებს შორის, არამედ ძვირადღირებული და გადაუწყვეტელი ომის გაგრძელებასა და ცეცხლის შეწყვეტის, მოლაპარაკებების და მშვიდობის არჩევას შორის".
29 სექტემბერს გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ ის კვლავაც მტკიცედ დაუჭერს მხარს უკრაინას.
ენდი ბერნემი აგვისტოში კიევში იმყოფებოდა, უკრაინის დამოუკიდებლობის აღნიშვნის ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.
radiotavisupleba ახალი ამბები