ალიევთან შეხვედრის შემდეგ მერცმა ფაშინიანთან ტელეფონით ისაუბრა

1 hour ago 4

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა სატელეფონო საუბარი გამართა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.

ილჰამ ალიევმა 21 ივლისს ბერლინში შეხვედრა გამართა კანცლერ მერცთან. მხარეებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციას.

ალიევი ასევე შეხვდა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს. ასევე, ეკონომიკის მინისტრ მიხაელ ჰარმსს.

ალიევი ბერლინში

მხარეებმა განიხილეს ორივე ქვეყანაში ბიზნესის „მზარდი ინტერესი“ „ერთად მუშაობის“ მიმართ და აღნიშნეს, რომ ორივე მხარეს სურს ასეთი საქმიანობის „ინსტიტუციონალიზაციის გზების“ შესწავლა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს „ტრადიციული და ალტერნატიული ენერგიის არსებულ პოტენციალს, კავშირგაბმულობის, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის შესაძლებლობებს, მათ შორის შუა დერეფნის კონტექსტში“.

ორივე ლიდერმა დადებითად შეაფასა 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონის სამიტის შემდეგ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიღწეული „ისტორიული პროგრესი“.

საუბარი ფაშინიანთან

მეორე დღეს, 22 ივლისს, სომხეთის პრემიერმა და გერმანიის კანცლერმა სატელეფონო საუბარი გამართეს.

მათაც განიხილეს „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებული მშვიდობა“ და „ხაზი გაუსვეს რეგიონში სტაბილური და მდგრადი მშვიდობის მნიშვნელობას“.

ასევე, გაცვალეს მოსაზრებები რეგიონულ და საერთაშორისო დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე.

ფაშინიანმა და მერცმა სომხეთსა და გერმანიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის თანმიმდევრული განვითარების პერსპექტივებზე, ასევე სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრეს.

2025 წლის 9 დეკემბერს, ნიკოლ ფაშინიანის გერმანიაში ოფიციალური ვიზიტისას სომხეთისა და გერმანიის პირველმა პირებმა ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის „ორმხრივი პარტნიორობის შესახებ სტრატეგიული დღის წესრიგის დეკლარაციას“.

მიღებული დეკლარაციის თანახმად, ისინი „უსაფრთხოებისა და თავდაცვის“ სფეროში თანხმდებიან დიალოგზე რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის, ბირთვულ უსაფრთხოებაზე, კიბერუსაფრთხოებაზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლასა და უსაფრთხოების სექტორში რეფორმასა და თანამშრომლობაზე.

გერმანია და სამხრეთ კავკასია

ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ „სამხრეთ კავკასია, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მთავარი ცენტრი, სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს“.

გერმანია ბოლო პერიოდში აღრმავებს ურთიერთობებს სამხრეთ კავკასიის ორ სახელმწიფოსთან, - სომხეთთან და აზერბაიჯანთან, - თუმცა კვლავ დაძაბული ურთიერთობა აქვს მესამესთან, საქართველოსთან.

21 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პოზიტიურად შეაფასა, რომ დანიშვნიდან 10 თვის შემდეგ საქართველოს ელჩი გერმანიაში, ალექსანდრე კარტოზია პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელებს გადასცემს.

  • 2024 წლის 31 დეკემბერს და 2025 წლის 24 მარტს გერმანიამ, სხვა დასავლური ქვეყნების მსგავსად, სავიზო შეზღუდვები დაუწესა „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებს;
  • გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა სამინისტრომ საწყის ეტაპზევე მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებისთვის 237 მილიონი ევროს დაფინანსების შეჩერების შესახებ;
  • „ქართული ოცნების“ ლიდერები ბერლინის ოფიციალურ წარმომადგენელს, ყოფილ ელჩ პეტერ ფიშერს მწვავედ აკრიტიკებდნენ, - მისი მხრიდან საქართველოს „დემოკრატიულ უკუსვლასა“ და „ევროპული გზიდან გადახვევაზე“ აქცენტების დასმის გამო.
  • 2026 წლის 21 მაისს გერმანიის აწ უკვე ყოფილმა ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა არ უნდა გააზვიადონ და გერმანია ამ სატრანზიტო დერეფნის გამო საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებზე თვალს არ დახუჭავს.
სრულად წაკითხვა