ალიევი: აქტაუში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი დაზიანდა ხმელეთიდან სროლის შედეგად

2 days ago 4

ყაზახეთში ჩამოვარდნილმა, აზერბაიჯანის ავიახაზების კუთვნილმა თვითმფრინავმა დაზიანება მიიღო "მიწიდან სროლის შედეგად" - განაცხადა 29 დეკემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა. მის სიტყვებს, მათ შორის, ავრცელებს რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი.

ალიევის თქმით, თვითმფრინავმა გარედან დაზიანება მიიღო რუსეთის ტერიტორიაზე, ქალაქ გროზნოს სიახლოვეს და ფაქტობრივად დაკარგა მიმართულება. "ვიცით, რომ ჩვენი თვითმფრინავი უმართავ მდგომარეობაში ჩააგდო რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებმა. ეს არის პირველი დაზიანება, ორმელიც თვითმფრინავმა მიიღო" - ალიევის ამ სიტყვებს ავრცელებს სააგენტო Interfax-ი. სააგენტო აღნიშნავს, რომ ალიევმა ეს განცხადებები გააკეთა აზერბაიჯანის ტელეარხისთვის, AzTV-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზის საბოლოო ვერსია ცნობილი გახდება "შავი ყუთების" შინაარსის გაშიფვრის შემდეგ. მაგრამ, მისი თქმით, იმ ფაქტმა, რომ თვითმფრინავის კორპუსი დაზიანებული იყო, საქმიდან სრულად მოხსნა ფრინველთა გუნდთან შეჯახების ვერსია.

ალიევი დარწმუნებულია, რომ თვითმფრინავი AZAL-ი განზრახ არ იქნა ჩამოგდებული. თუმცა, მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთში გარკვეულ წრეებს საკითხის მიჩუმათება სურდათ. "ერთ-ერთი მომენტი, რომელმაც აგვაღელვა და გაგვაკვირვა, იყო ის, რომ რუსეთის ოფიციალურმა სტრუქტურებმა წარადგინეს რაღაც გაზის ბალონის აფეთქების ვერსია. ეს ღიად მიანიშნებდა, რომ რუსეთის მხარეს საკითხის მიჩუმათება სურს, რაც, ცხადია, არავის წარმოაჩენს ღირსეულად" - თქვა ალიევმა. მან სინანული გამოთქვა იმის შესახებ, რომ კატასტროფის შემდეგ პირველი სამი დღის განმავლობაში ბაქოს "რუსეთისგან არაფერი მოუსმენია ბოდვითი ვერსიების გარდა".

28 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს მოუბოდიშა „აზერბაიჯანის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო.

თვითმფრინავი Embraer 190AR 25 დეკემბერს ჩამოვარდა, როცა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოდან რუსეთის ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ასრულებდა რეისს. თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა დასავლეთ ყაზახეთის ქალაქ აქთაუსთან ახლოს, ბორტზე მყოფი 67 მგზავრიდან 38 დაიღუპა.

სრულად წაკითხვა