აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა 7 იანვარს, ადგილობრივ ტელევიზიებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთი რეგიონისთვის საფრთხის წყაროა, ხოლო მისი შეიარაღება ახალ დაძაბულობას გამოიწვევს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, სომხეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო არსებითად “ფაშისტური სახელმწიფოა”, რადგან მას თითქმის 30 წელი მართავდნენ “ფაშისტური იდეოლოგიის” მატარებლები და სწორედ ამიტომ ჩამოყალიბდა ქვეყანა ასეთად. ალიევის თქმით, აზერბაიჯანი ფაშისტური სახელმწიფოს მეზობელია და ეს საფრთხე არსად გამქრალა.
” სწორედ ამიტომ, ფაშიზმი უნდა განადგურდეს. მას ან სომხეთის ხელმძღვანელობა გაანადგურებს, ან ჩვენ. სხვა გზა არ გვაქვს,” – განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ საფრანგეთმა და სომხეთისთვის იარაღის მიმწოდებელმა სხვა ქვეყნებმა უნდა გააუქმონ კონტრაქტები და დააბრუნონ უკვე მიწოდებული იარაღი. სომხეთის ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ საბრძოლოდ მზა არმიის არსებობა ქვეყნის სუვერენული უფლებაა.
გარდა ამისა, ინტერვიუში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ ერევანს არ სჭირდება სამშვიდობო ხელშეკრულება, ის ბაქოსაც არ სჭირდება.
სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა “არმენპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, აზერბაიჯანის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში დავები შეწყვიტოს.
“რაც შეეხება ერთმანეთის მიმართ წარდგენილი პრეტენზიების გაუქმებას, როდესაც სამშვიდობო ხელშეკრულება ფორმდება, აქ ორი ნიუანსი ჩნდება. ერთ-ერთი მათგანი ისაა, რომ უნდა არსებობდეს საერთაშორისო ფორუმებზე განხილული გარკვეული ჰუმანიტარული საკითხების ორმხრივ ფორმატში გადაწყვეტის პერსპექტივა, ხოლო მეორე, ნათელი უნდა იყოს, რომ საერთაშორისო პლატფორმების ფორმატიდან სხვა საკითხებზე დავების ამოღების შემდეგ, მხარეებმა აღარ უნდა დააყენონ იგივე საკითხები, გააუარესონ ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი და გადააქციონ ისინი ესკალაციის მუდმივ წყაროდ”,- განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ აუცილებელია არა მხოლოდ გაუქმდეს დავები საერთაშორისო სასამართლოებში, არამედ თავად შეწყდეს ეს დავები.
“ამ ეტაპზე ჩვენ ვეძებთ გადაწყვეტილებებს გარკვეული ჰუმანიტარული საკითხებისთვის” ,- თქვა მან.
2021 წლის 16 სექტემბერს, რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად, სომხეთმა დაიწყო სასამართლო პროცესი აზერბაიჯანთან საერთაშორისო სასამართლოში.
აღნიშნული სარჩელი აზერბაიჯანს ადანაშაულებს სომხების წინააღმდეგ ათწლეულების განმავლობაში განხორციელებულ ქმედებებში, რომლებიც აქტუალური გახდა 2020 წლის სექტემბერში, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს.