28.10.2026
სამოქალაქო აქტივისტი სერგეი ყანჩელი აცხადებს, რომ თვეზე მეტი გავიდა პოლიციელების მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობიდან. მისივე თქმით, ჩატარებული არაა არც ერთი საჭირო საგამოძიებო მოქმედება.
აქტივისტი, რომელმაც ქვეყანა დატოვა, აღნიშნავს, რომ ორ კვირაზე მეტი გავიდა, რაც მისმა ადვოკატებმა საგამოძიებო ორგანოს ხელახლა მიმართეს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მოთხოვნით.
„დღეს ზუსტად ერთ თვეზე მეტი გავიდა პოლიციის მიერ ჩემზე განხორციელებული თავდასხმიდან, ერთ საათიანი ძალადობისა და წამებიდან. დღემდე მიწევს საშინელ შედეგებთან ცხოვრება, ვერც მძინავს ნორმალურად, ვერც მღვიძავს.
ორ კვირაზე მეტი გავიდა იმის მერე, რაც ჩემმა ადვოკატებმა ხელახლა მიმართეს საგამოძიებო ორგანოს იმ მოთხოვნით, რომ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება იყოს ჩატარებული.
10 დღეზე მეტი გავიდა ჩემი ადვოკატების სახალხო დამცველთან შეხვედრის შემდეგ.
და ამ დრომდე არც ერთი საჭირო საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებიათ! და მაინტერესებს, რამე მიზეზი არსებობს? კიდევ ვის უნდა მივმართო, ან ვის უნდა შევხვდე, რომ კარგად და დროულად გამოიძიონ ეს საქმე!?“ – წერს სამოქალაქო აქტივისტი სოციალურ ქსელში.
სერგეი ყანჩელის თქმით, 27 სექტემბერს პოლიციამ გააჩერა და სასაფლაოზე გადაყვანა, სადაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისივე თქმით, აიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას.
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
თავად ყანჩელი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამ მუხლს არ ეთანხმება და ამბობს, რომ მის მიმართ ჩადენილი დანაშაული გაცილებით მძიმეა, ვიდრე მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება.
12 ოქტომბერს ყანჩელის ადვოკატებმა გამოძიებას ხელახლა მიმართეს და მოითხოვეს:
- კონკრეტული პირების დაუყოვნებლივ გამოკითხვას.
- შესაბამისი ფოტოსურათებისა და ვიდეომასალის (მათ შორის დაზიანებების ამსახველი) კანონით დადგენილი წესით მოპოვებას. ადვოკატების თავდაპირველ განცხადებას ერთვის დაზიანებების ამსახველი ფოტოსურათები, თუმცა ეს არ ათავისუფლებს საგამოძიებო ორგანოს კანონით დადგენილი წესით მათი მოპოვების ვალდებულებისგან.
- ამოიღონ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ნივთები.
- დეტალურად დაათვალიერონ შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია (ნორიოს აღმართი #61) და მოიპოვონ კონკრეტული ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები.
- დეტალურად დაათვალიერონ დიდუბე – ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-3 სამმართველო და მიმდებარე ტერიტორია. ხსენებული სამმართველო მდებარეობს შემთხვევის ადგილიდან 200-300 მეტრში და დიდი ალბათობით სწორედ ამ სამმართველოს თანამშრომლები იყვნენ ჩართულები ამ დანაშაულებრივ და ამორალურ ქმედებებში. მოიპოვონ არსებული ვიდეოკამერის ჩანაწერები.
- დაადგინონ ზემოხსენებული სამმართველოს თანამშრომლების სახელები, გვარები და მოიპოვონ მათი სამსახურებრივი ფოტოსურათები. ასევე, დაადგინონ თუ რომელი თანამშრომლები ასრულებდნენ 2026 წლის 27 სექტემბერს სამსახურებრივ მოვალეობას.
- ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედება ამოცნობა, რომლის ფარგლებშიც სერგეი ყანჩელი აუცილებლად ამოიცნობს ყველა დამნაშავე პოლიციელს.
- პოლიციის ავტომობილებზე არსებული შესაბამისი გადამცემებით დადგინდეს – 2026 წლის 27 სექტემბერს, 15:00-16:00 დროის შუალედში, რომელი ავტომობილები ფიქსირდებოდნენ ნორიოს აღმართი #61 – ის მიმდებარედ.
- გამოიკითხონ ზემოხსენებული სამმართველოს უფროსი და მისი მოადგილეები.
netgazeti