ამერიკელი ანალიტიკოსი ხსნის, როგორ გაუადვილა ივანიშვილის სტატუსმა ვაშინგტონს მისი დასანქცირება

1 day ago 1

ამერიკის არმიის თადარიგის პოლკოვნიკი და “საგარეო საქმეთა კვლევის ინსტიტუტის” ევრაზიის პროგრამის მენეჯერი, ბობ ჰამილტონი ფიქრობს, რომ აშშ-ს ბიძინა ივანიშვილი უფრო ადრე უნდა დაესანქცირებინა. თუმცა, ამბობს, რომ მისი ეფექტები ახლაც არ იქნება დაგვიანებული.

მით უმეტეს, რომ აშშ-მ დაასანქცირა არა “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე ან სხვა, მაღალი რანგის თანამდებობის პირი, არამედ პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი. ჰამილტონის თქმით, ერთი მხრივ, ეს იმის აღიარებაა, რომ ქვეყანას ფაქტობრივად ივანიშვილი მართავს, მეორე მხრივ კი ერთგვარი გაფრთხილება იმისა, რომ სამომავლოდ სანქციები პოლიტიკური თანამდებობის პირებსაც შეეხებათ.

აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებზე ბობ ჰამილტონმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ისაუბრა.

“ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის ლიდერი და ქვეყნის დე-ფაქტო მმართველი. თუმცა მას არ აქვს ფორმალური სამთავრობო როლი, ის არც პრეზიდენტია, არც პრემიერი და არც მინისტრი. შესაბამისად, ეს საშუალებას აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს თავიდან აიცილოს პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის სპიკერის, პრეზიდენტის ან სხვათა სანქცირება. ის ასევე აძლევს მას საშუალებას მომავალში [სანქციების] ესკალაცია მოახდინოს და გამოაცხადოს სანქციების ახალი რაუნდები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიმართ, როგორც ეს სხვა პირების თუ კომპანიების მიმართ გაგვიკეთებია. ასე ვიქცეოდით 2014 წლის შემდეგ რუსეთთან მიმართებით.

ეს ასევე არის დე-ფაქტო აღიარება იმის, რომ ქვეყანას [ბიძინა] ივანიშვილი მართავს. ისაა საქართველოში ყველაზე ძლევამოსილი პირი, მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს სამთავრობო როლი. ის ქვეყანას კულისებიდან მართავს და ვფიქრობ ეს სანქციები იმის აღნიშვნაც იყო, რომ ჩვენ ეს გვესმის”, – აცხადებს ჰამილტონი.

მისი თქმით, ამ ტიპის სანქციების გამოყენება ნიშნავს იმას, რომ აშშ საქართველოს ხელისუფლებას ხედავს როგორც არა მხოლოდ მზარდად ავტორიტარულს, არამედ პრორუსულსაც. მისი თქმით, ამის ნიშნები ბევრად ადრე გამოჩნდა და სანქციებიც ადრე უნდა გამოყენებულიყო.

“ვფიქრობ, შეიძლებოდა ეს 6 თვის წინაც კი გაგვეკეთებინა, ან ერთი წლის წინაც კი, შეგვეძლო 2023 წელსაც კი გაგვეკეთებინა, როცა უცხოეთის აგენტების კანონი წარმოადგინეს და ამას პროტესტი მოჰყვა. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ამის ბევრი შესაძლებლობა იყო, რადგან ნათელი ხდებოდა, რომ ეს მთავრობა მზარდად ავტორიტარული და მზარდად ანტიდასავლური იყო, [მოქმედებდა] ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილის წინააღმდეგ.

ერ ვიტყვი იმას, რომ ერთი წლის ან წელიწად-ნახევრის წინ რომ გაგვეკეთებინა ეს, საქართველო ახლა სრულებით განსხვავებულ ტრაექტორიაზე იქნებოდა და პროევროპული, ევროკავშირისა და ნატოში ინტეგრაციის გზას დაუბრუნდებოდა. მაგრამ ჩვენ ნამდვილად დავუშვით ამ პროცესის განვითარება ზედმეტად დიდხანს საქართველოს მთავრობისთვის რეალური შედეგების ან საზღაურის გარეშე… უფრო ადრე უნდა გამოგვეყენებინა ეს ინსტრუმენტები და ბერკეტები რაც გვქონდა, რათა გვეცადა და შეგვეჩერებინა ავტორიტარიზმისკენ და ანტიდასავლური მიმართულებით, ქართველი ხალხის სურვილების საწინააღმდეგოდ სვლა”, – ამბობს ჰამიტონი “ამერიკის ხმასთან”.

ბობ ჰამილტონი ამბობს, რომ მხოლოდ საქნციები არ იქნება ეფექტური და ის უნდა იყოს ერთ-ერთი მექანიმზი კომპლექსური მიდგომისას – დიპლომატიურ, საინფორმაციო, შეიძლება სხვა ეკონომიკურ ინსტრუმენტებთან ერთად. მისი თქმით, იმისათვის, რომ “ქართულმა ოცნებამ” ქცევა შეცვალოს უნდა მოექცეს წნეხის ქვეშ სხვადასხვა მხრიდან.

ინტერვიუ სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე.

სრულად წაკითხვა