ამერიკის მიერ სანქცირებული გომელაური დაწინაურებულია ვიცე-პრემიერად, მას ღირსების ორდენზეც წარადგენენ

1 day ago 2

შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა (შსს) მინისტრი ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად დააწინაურა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერის ბრძანება დღეს, 20 დეკემბერს გამოიცა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს ვიცე-პრემიერად დანიშნა. შესაბამის ბრძანებას ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა“, - ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.

ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობაში სამი ვიცე-პრემიერი იქნება: პირველი ვიცე-პრემიერი - ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი; თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.

ერთი დღით ადრე, 19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა, რომელიც საქართველოს მიერ 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი იყო, სანქციები დაუწესა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილის („ხარებას„) მოადგილეს, მირზა კეზევაძეს. გომელაური და კეზევაძე ვაშინგტონმა გლობალურ "მაგნიტსკის სიაში" შეიყვანა.

ამას გარდა, კობახიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო სანქცირებულ მაღალჩინოსნებს „ფინანსურ დანაკლისს“, აუნაზღაურებს. საუბარია ზარალზე, რომელიც იმ თანამდებობის პირებს მიადგებათ, რომლებიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევისა და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობის გამო, საერთაშორისო სანქციების სამიზნე გახდნენ.

„თუკი რომელიმე მოხელეს შეექმნება ფინანსური დანაკლისი, სახელმწიფო აანაზღაურებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ მთავრობის კანცელარიაში 20 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე. მან ასევე თქვა, რომ ძირითადად "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ, ხელისუფლება გეგმავს, ღირსების ორდენზე წარადგინოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და შსს-ს კიდევ 10 მაღალჩინოსანი, - მათ შორის სანქცირებული პირები.

ამერიკის სანქციების გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, ბრიტანეთმა სანქციები კიდევ უფრო მეტ ქართველ მაღალჩინოსანს დაუწესა. ლონდონის განმარტებით, ისინი პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებზე.

სანქცირებულები არიან: ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი; ალექსანდრე დარახველიძე - შსს-ის მინისტრის პირველი მოადგილე; სულხან თამაზაშვილი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი; ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი და მილერი ლაგაზაური - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის მოადგილე.

სრულად წაკითხვა