რუბენ ამორიმმა "მანჩესტერ იუნაიტედი" სულ ერთი თვის წინ ჩაიბარა, თუმცა პორტუგალიელი მიიჩნევს, რომ თანამდებობიდან გაშვება მასაც კი ემუქრება. ამის შესახებ ახალგაზრდა სპეციალისტმა "ვულვერჰემპტონთან" წაგებული მატჩის შემდეგ ისაუბრა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი კომფორტულად ვერასდროს იქნება. ეს საქმე მესმის, რადგან მასში ვარ ჩაბმული. თუ ვერ მოიგებს, მიუხედავად იმისა, მასში გამოსასყიდი თანხა გადაიხადეს თუ არა, ყველა მწვრთნელი საფრთხის ქვეშ იქნება.
და ეს მომწონს, რადგან ჩვენი საქმეც ესაა. ასე რომ, თქვენი შეკითხვა მესმის. შეგიძლიათ თქვათ, რომ ერთი თვეა აქ ვარ, 4 სავარჯიშო სესია მქონდა და შეხვედრებს ვერ ვიგებთ. რეალობა ეს არის.
იდეის განხორციელებას დრო სჭირდება. თავიდანვე გითხარით, რომ ეს პერიოდი რთული იქნება და მის დასასრულამდე ძალიან შორს ვართ. სვლა უნდა გავაგრძელოთ და მომდევნო მატჩზე ვფოკუსირდეთ.
რამდენი ხანი დამჭირდება გუნდზე ჩემი ხელის დასატყობად? წარმოდგენა არ მაქვს. ამის გარკვევის ნაცვლად, სამუშაოს დღიდან დღემდე ვასრულებ. ვვითარდები, ვიდეოებს ვუყურებ და ვარჯიშის ყველა წუთით სარგებლობას ვცდილობ, რათა ქულები მოვაგროვოთ. ეს ახლა ძალიან მნიშვნელოვანია," - თქვა ამორიმმა.
"მოლინიუზე" გამართული მატჩი "წითელმა ეშმაკებმა" პირწმინდად წააგეს. 47-ე წუთზე მათ ბრუნო ფერნანდეში გაუძევეს, 58-ე წუთზე მატეუს კუნიამ ბურთი კარში პირდაპირ კუთხურიდან ჩაუხვიათ, ხოლო კომპენსირებული დროის მე-9 წუთზე ჰვანგმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. უკანასკნელ 5 პრემიერლიგურ მატჩში "ემიუ" მეოთხედ დამარცხდა.
ამორიმის გუნდი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა. 30 დეკემბერს, თბილისის დროით 23:55 საათიდან "ეშმაკები" შინ "ნიუკასლ იუნაიტედს" დაუხვდებიან.