ამორიმი: "სპორტინგში" უარესადაც ვიწყებდი"

2 weeks ago 4

რუბენ ამორიმს პრემიერ ლიგაში რთული სტარტი აქვს. პორტუგალიელის "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჯერ "იფსვიჩთან" ითამაშა ფრე, შემდეგ "ევერტონი" გაანადგურა, ბოლო 2 ტურში კი მიჯრით დამარცხდა "არსენალთან" და "ნოტინგემ ფორესტთან".

თუ "ემირეიტსზე" მარცხში მოულოდნელი არაფერი ყოფილა, გუშინდელ წაგებას სერიოზული კრიტიკა მოჰყვა. "წითელი ეშმაკები" ანგარიშში მე-2 წუთიდანვე ჩამორჩნენ - გოლი ნიკოლა მილენკოვიჩმა გაიტანა. მე-18 წუთზე რასმუს ჰოილუნმა აღადგინა წონასწორობა, მეორე ტაიმში კი კრის ვუდისა და მორგან გიბს ვაითის გოლებით "მეტყევეები" წინ გაიჭრნენ. ერთადერთი, რაც დარჩენილ დროში "ემიუმ" გაახერხა, ბრუნო ფერნანდეშის მიერ 61-ე წუთზე გატანილი გოლი იყო.

მატჩისშემდგომ ინტერვიუში ამორიმმა მარცხის მიზეზებზე ისაუბრა.

"რთული მატჩი იყო. ორივე ტაიმი ცუდად დავიწყეთ. ფეხბურთელებისთვის სიმშვიდის გადაცემა ძნელი გამოდგა. ხარისხი არ გვქონდა, მაგრამ თავდადებით ვითამაშეთ. შესვენების შემდეგ ორი ბურთის გაშვება საბედისწერო აღმოჩნდა.

მოთამაშეთა უკეთესი პოზიციონირებისთვის მეტი დრო გვჭირდება. ჩვენი პირველი გოლი კარგი კომბინაციის შედეგი იყო და ამის მერეც გვქონდა კარგი მომენტები, შანსებს ვქმნიდით. სამწუხაროდ, რაღაც დროის შემდეგ წინ ფიქრის გარეშე მივდიოდით. უნდა გავიაზროთ, რომ წინ გრძელი გზა გვიდევს და ჩვენი საქმეც ეს არის.

ვინ არის პასუხისმგებელი კუთხურების დროს თავის ცუდად დაცვაზე? ეს ჩემი ბრალია. ამის გაკეთებას მაქსიმალურად კარგად ვეცადეთ. "არსენალთან" მატჩმა გამოაჩინა, რომ ამ კომპონენტში პრობლემები გვაქვს. 

თავიდან "სპორტინგში" ასე და კიდევ უფრო უარესად ვიწყებდი. შეგრძნება ჩემთვის იგივეა, მაგრამ მსოფლიოსთვის - სრულიად განსხვავებული, რადგან "სპორტინგში" პორტუგალიის მასშტაბით გაკვირდებიან, "მანჩესტერს" კი მთელ მსოფლიოში ექცევა დიდი ყურადღება," - თქვა ამორიმმა.

15 მატჩში აღებული 19 ქულით, "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიციაზეა. 15 დეკემბერს მათ მანჩესტერული დერბი ელით, რომელიც თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

სრულად წაკითხვა