ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი დააკავა.
უწყება ამბობს, რომ ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, ათეულობით საბანკო ბარათი, სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია, ფულადი თანხა – 83 903 აშშ დოლარი, 300 ევრო და 79 600 აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებული, საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, ახორციელებდა ათეულობით მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ვირტუალური (კრიპტო) აქტივების ტრანზაქციებს, მათ შორის, ვირტუალური აქტივისა და ნაღდი ფულის კონვერტაციას.
„აღნიშნული საქმიანობით ბრალდებული ხელს უწყობდა ქვეყანაში არაკონტროლირებადი საერთაშორისო ტრანზაქციების განხორციელებას“, – წერია განცხადებაში.
კომპანიის სახელი განცხადებაში დაკონკრეტებული არაა. დაკავებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საგამოძიებო ამბობს, რომ მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მხილების, აგრეთვე გადასახადებისათვის თავის არიდებისა და შესაძლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენის მიზნით.
netgazeti