ანალიტიკოსები ხსნიან, როგორ უნდა წავიკითხოთ “ოცნების” ბოლო შეთქმულების თეორიები

11 hours ago 2

აშშ-ს მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისა და “ქართული კოშმარის არაღიარების” აქტის დაანონსების შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” საკუთარი პროპაგანდისტული გზავნილები ერთ განცხადებად გააერთიანა. ანტიდასავლური რიტორიკით გაჯერებული ტექსტი მთლიანად შეთქმულების თეორიებს ეფუძნება.

მაგალითად, აქ საუბარია ე.წ. გლობალური ომის პარტიასა და deep state-ზე, რომლებიც, “ოცნების” ლოგიკით, კულისებიდან მართავენ დასავლურ პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და სახელმწიფოებს; უკრაინის შემდეგ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის იძულებაზე; მათთვის დაწესებულ სანქციებზე, აშშ-ში დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ მოსალოდნელ ცვლილებებზე და ა.შ.

“ქართული ოცნების” “ლოგიკა” ერთი შეხედვით მარტივია – ყველა პოლიტიკური აქტორს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ვინც მათ გადაწყვეტილებებს გააკრიტიკებს, მათ მიერვე მტრის ხატად გამოცხადებული “გლობალური ომის პარტიის” წევრად ნათლავენ. ანუ, მხოლოდ “ქართული ოცნებაა” ჭეშმარიტად ეროვნული ძალა, სხვა ყველა კი, ვინც მათგან განსხვავებულ პოზიციას დააფიქსირებს – ქვეყნის მტერი და აგენტი.

თუმცა, როცა “ოცნების” შეთქმულების თეორიებს ოდნავ ჩაუღრმავდები, საქმე რთულდება. მაგალითად, ისინი ირწმუნებიან, რომ დასავლეთი, “გლობალური ომის პარტიის” გავლენით, საქართველოს წინააღმდეგ იბრძვის, ამ ბრძოლაში კი ერთადერთ მოკავშირედ აშშ-ს მომავალ პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ესახებათ. თუმცა, ტრამპის თანაპარტიელ და თანამებრძოლ კონგრესმენს, ჯო უილსონს “დეგრადირებული” და “ნულოვანი პოლიტიკური კულტურის” მქონე ადამიანად მოიხსენიებენ; ამტკიცებენ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, თუმცა, პარალელურად ამბობენ, რომ ევროპის “ქვეყნების უმრავლესობა დღეს “დიფ სთეითის” თამაშს თამაშობს და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას ვერ ახერხებს”.

“ოცნების ლოგიკაში” ლოგიკის საპოვნელად “ნეტგაზეთი” პოლიტიკის ანალიტიკოსებს, გია ნოდიასა და შოთა კაკაბაძეს ესაუბრა.

კაკაბაძე ფიქრობს, რომ ამ განცხადების სამიზნე “ოცნების” ამომრჩეველია – სანქციების დაწესების შემდეგ საჭირო გახდა შეხსენება, რომ პრობლემა არა მათში, არამედ გლობალური ომის პარტიაშია.

“ქართული ოცნება” ისეთ სიღრმეშია შესული დასავლეთთან დაპირისპირების თვალსაზრისით, რომ უკან დასახევი გზა არ აქვს დატოვებული. ამიტომ, იმეორებენ იმ ნარატივს, რომელიც დაიწყო ჯერ კიდევ არჩევნებამდე. ეს განცხადება, დიდი ალბათობით, ისევ თავიანთი ამომრჩევლისკენაა მიმართული: არჩევნებადე ამბობდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილს ებრძვიან და ამით საქართველოსაც ებრძვიან. ახლა სჭირდებათ ამის გამეორება, რომ გაამართლონ სანქციები. თქვან, რომ ეს გლობალური ომის პარტიის ბრალია და ჩვენ მედგრად ვდგავართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის”, – ამბობს კაკაბაძე.

გია ნოდია ფიქრობს, რომ კრიზისში შესული “ოცნება” ტრამპის მხარდაჭერის იმედს ებღაუჭება. ამას ის “აბსურდში რაციონალურობის კომპონენტის შეტანის” მცდელობად აფასებს, განცხადების დანარჩენ ნაწილს კი “ბიძინა ივანიშვილის პირად ბოდვებს” უწოდებს.

“ჩემი აზრით, ახლა, მათი ბოლო იმედი არის ტრამპი. უნდათ, თავისი მოწინააღმდეგები წარმოადგინონ როგორც გლობალური, ლიბერალური ელიტის წარმომადგენლები, რაკი იციან, რომ ტრამპი ამ ელიტას ებრძვის თავისი რიტორიკით. თავის გზავნილებს ტრამპის რიტორიკას აგებენ და ჰგონიათ, რომ რაღაცნაირად, ტრამპს თავს მოაწონებენ. ჩემი აზრით, აქედან გამომდინარეობს ამ განცხადების მეტ-ნაკლებად რაციონალური ნაწილი. თუმცა, არის ბიძინა ივანიშვილის პირადი ბოდვებიც გლობალური ომის პარტიაზე და იმაზე, რომ ომში უნდა ჩაგვრთონ. მე ვვარაუდობ, რომ ბიძინა ივანიშვილის, გარკვეულწილად, ამისი სჯერა და ასე ხედავს სამყაროს. ბიძინა ბოდავს და დანარჩენები აყოლილები არიან”, – ამბობს ნოდია.

რა იქნება აშშ-ს სათავეში დონალდ ტრამპის დაბრუნების შემდეგ?

პოლიტოლოგებს უჭირთ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან “ტრამპი, ზოგადად, არაპროგნოზირებადი ფიგურაა და “საქართველო ტრამპის დღის წესრიგში #1 ნამდვილად არ არის”. თუმცა, გამოცდილებისა და კონტექსტის გათვალისწინებით, ვარაუდობენ, რომ “ქართული ოცნების” ოცნებები ოცნებებად დარჩება.

“ტრამპისთვის საქართველო არ შედის მთავარი პრობლემების ათეულში, ან ოცეულში. ასე რომ, კი, 20 იანვარს გახდება ტრამპი პრეზიდენტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 20 იანვარს სიცხადე დაისადგურებს. პირადად ტრამპი, არა მგონია, რომ დაინტერესდეს საქართველოს საკითხით. სანამ მისი თანამდებობის პირები დაინტერესდებიან, რუბიო თუ სხვები, ამასაც კიდევ დრო დასჭირდება. ასე რომ, მათ [“ქართულ ოცნებას”] კიდევ ექნებათ საშუალება, ეს ნარატივი რამდენიმე ხანს შეინარჩუნონ.

ტრამპი ზოგადად, არაწინასწარმეტყველებადი ფიგურაა. არ იცი, რას იზამს: ახლა ერთს ამბობს, ხვალ მეორეს, ზეგ მესამეს და იქნებ რაღაცა ისეთი თქვას, რომ “ქართული ოცნებისთვის” მომგებიანი იყოს – ეს არის მათი იმედი. ჩემთვისაც ძნელია ვიწინასწარმეტყველო ტრამპი რას იზამს და როგორ იზამს, მაგრამ ჯერჯერობით რაც ჩანს, პუტინთან ჩახუტებას ის არ აპირებს. “ქართული ოცნების” მთელი იმედი, ბიძინას იმედი არის ის, რომ ტრამპი რაღაცნაირად პუტინთან გამონახავს ენას და შესაბამისად, დააფასებს ბიძინასაც, რომელიც არ აჰყვა ანტირუსულ პოლიტიკას. ამის პერსპექტივა ჯერჯერობით, არანაირად არ ჩანს და ეს თუ არ იქნა, მაშინ ცალკე ბიძინასთან კარგი ურთიერთობა ტრამპს რაში სჭირდება, სრულიად გაუგებარია”, – ამბობს გია ნოდია.

გია ნოდია / ფოტო: ილიაუნი

“ალბათ, მოლოდინი ჰქონდათ, რომ ორბანის [ვიქტორ ორბანი – უნგრეთის პრეზიდენტი] მეშვეობით და კონსერვატიულ დისკურსზე – დედა დედაა, ქალი ქალია, კაცი კაცია და ა.შ. დაყრდნობით შეძლებდა გასვლას ტრამპზე. რამდენიმე დღის წინაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელმა, გიორგი გვიმრაძემ X-ზე პოსტიც დადო, სადაც დათაგა ილონ მასკი და დაწერა, რომ ივანიშვილს ასანქცირებენ, იმიტომ, რომ აკრძალა ლგბტ პროპაგანდა ბავშვებში და ა.შ. თუმცა, არ გამოუვიდათ.

ესეც ლოგიკურია, იმიტომ, რომ ტრამპს იმდენი პრიორიტეტი აქვს, რომ საქართველო მის დღის წესრიგში #1 ნამდვილად არ არის. ამიტომ, საქართველო აბარიათ იმ ადამიანებს, ვინც იცის ეს რეგიონი და ამ რეგიონზე მუშაობს წლებია. ჯო უილსონიც იმიტომაა ის ადამიანი, ვინც ყველაზე აქტიურად საუბრობს. მე ვფიქრობ, რომ მათი მიდგომა დიდად არ შეიცვლება ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომასთან შედარებით, თუ პირიქით, უფრო მკაცრი არ იქნება. განსაკუთრებით, ჩინეთის გამო. ვინაიდან “ქართულ ოცნებას” ჩინეთთან სტრატეგიული შეთანხმება აქვს დადებული და ეს მნიშვნელოვანი გამაღიზიანებელი ფაქტორია ტრამპის ადმინისტრაციისთვის”, – ამბობს შოთა კაკაბაძე.

ის გარკვეულ ცვლილებებს მომდევნო თვეების განმავლობაში, გაზაფხულზე ელოდება.

“რთული სათქმელია ამ სისულელიდან როგორ გამოვლენ. თუ კრიზისი ისე გამწვავდა, რომ ნელ-ნელა დათმობებზე წასვლა მოუწია – ალბათ, გაზაფხულისკენ ასეც იქნება – ალბათ, იტყვიან, რომ ტრამპმა დაამარცხა ეს გლობალური ომის პარტია, ახლა აღარ გვიპირებს ომში ჩათრევას და ა.შ. შეიძლება პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დათმოს. თუ ეს არ იყო საკმარისი, შემდეგ, შეიძლება ვადამდელ არჩევნებზე წავიდეს.

გარდა ამისა, აქ საერთაშორისო კონტექსტია მნიშვნელოვანი: სხვადასხვა ვარაუდით, ალბათობაა, რომ გაზაფხულისთვის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა იქნება. შეიძლება სამშვიდობო ხელშეკრულება არ დაიდოს, მაგრამ ცეცხლი, დიდი ალბათობით, შეიძლება შეწყდეს. ეს შეიძლება არგუმენტი იყო “ქართული ოცნებისთვის”, რომ აი, უკრაინაში ცეცხლი შეწყდა, ჩვენ მეორე ფრონტის გახსნა შეიძლება არ დაგვჭირდეს და ამიტომ, დათმობებზე წასვლა შეიძლება. თუმცა, ეს საერთაშორისო კონტექსტის გარდა, დამოკიდებული იქნება შიდა პროცესებზე. თუ მუხტმა დაიკლო და შიდა ზეწოლა “ქართულ ოცნებაზე” შეცირდა, შეიძლება გაჭირდეს ეს დათმობა. თუ გაგრძელდა წნეხი როგორც გარედან, ისე შიგნიდან, მაშინ მაშინ მოუწევთ დათმობა და არგუმენტად ალბათ, ეს ექნებათ”, – ამბობს შოთა კაკაბაძე.

გია ნოდია ფიქრობს, რომ”ოცნებას” ერთი ან რამდენიმე ნაბიჯით უკან დასახევი სივრცე არ აქვს – თუ უკან დაიხევს, დაიხევს ბოლომდე.

“რა უნდა დათმონ?! დასათმობი დარჩა მხოლოდ ხელისუფლება. აღარ დაიტოვეს თავისთვის მანევრის სივრცე. თუ შენარჩუნდა დასავლეთის ამგვარი დამოკიდებულება, ახალი არჩევნები უნდა დანიშნონ. ეს ნიშნავს რომ უნდა წავიდნენ ხელისუფლებიდან და ეს, ცხადია, არ უნდათ”, – ამბობს ნოდია.

ევროკავშირთან ურთიერთობა

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში “ქართული ოცნების” ყველა გადაწყვეტილება პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროინტეგრაციას, ისინი ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ამ საგარეო პოლიტიკური კურსიდან არ გადაუხვევიათ.

ანალიტიკოსების შეფასებით “ოცნებისა” და კრემლის ანტიდასავლურ რიტორიკას სწორედ ეს განასხვავებს – პუტინი პირდაპირ ამბობს, რომ დასავლეთი არის მტერი, ბიძინა ივანიშვილი კი ამის პირდაპირ თქმას “ვერ ბედავს”, რადგან საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყნის ევროინტეგრაციას უჭერს მხარს.

“გასაგებია, რომ მათი [“ქართული ოცნების”] გზავნილები რუსეთისას ჰგავს რაღაც ნაწილში, მაგრამ მთლად ვერ ამთხვევენ, იმიტომ, რომ “ქართული ოცნება” მაინც ბოლომდე ვერ ამბობს უარს დასავლურ ორიენტაციაზე. გასაგებია, რომ ფაქტობრივად უარი უკვე ნათქვამი აქვთ, მაგრამ იდეოლოგიური გზავნილების დონეზე, მაინც უნდათ, თავი მოაჩვენონ, რომ პრობლემა გლობალური ომის პარტიასთან აქვთ. პუტინის შემთხვევაში მარტივადაა საქმე – “დასავლეთი არის მტერი და ჩვენ გვებრძვის”. ჩვენ შემთხვევაში თან დასავლეთი მტერია და თან დასავლეთში ინტეგრაცია გვინდა. ასეთი ორი, ურთიერთსაწინააღმდეგო ხედვა რომ შეახამო, ძალიან უცნაური და ჩახლართული თეორიები უნდა ააგო”, – ამბობს გია ნოდია.

შოთა კაკაბაძე / ფოტო: საქართელოს პოლიტიკის ინსტიტუტი

“ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს გვერდს ვერ აუვლიან. მთლიანად ალტ-ინფოს და პატრიოტთა ალიანსის ნარატივზე ვერ დასხდებიან. ევროკავშირის მტრად გამოცხადება პოლიტიკური თვითმკვლელობაა საქართველოში. ამიტომ, უწევთ თავისი დამახინჯებული ხედვით ევროკავშირში გაწევრიანების ხსენება ზრდილობის გულისთვის.

ამ ტექსტშიც ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის ხსენება მაგ ნარატივის გაგრძელებაა – გინდა არ გინდა, უნდა თქვა. უბრალოდ, იმედი აქვთ, რომ 2028 წლის მერე ევროკავშირში, შეიძლება, რაღაცები შეიცვალოს, შეიძლება ევროკავშირის გაფართოების მიმართ სკეპტიკური ძალები მოვიდნენ სათავეში და შიდა კრიზისების ფონზე არავის ეცალოს საქართველოსთვის. მაინც ევროკავშირს დააბრალებენ, რომ ჩვენ კი გვინდა, მაგრამ ევროკავშირი არ გვიშვებს”, – ამბობს შოთა კაკაბაძე.

ის ფიქრობს, რომ “ქართული ოცნების” მსგავსი რიტორიკის საპასუხოდ ოპოზიციამ უნდა იმუშაოს. კაკაბაძის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში “ოცნების” პროპაგანდისტული გზავნილების უგულებელყოფა ოპოზიციური სპექტრის სტრატეგიულ შეცდომა იყო, რომლის გამოსწორება ახლაც შესაძლებელია.

“ოპოზიციის მთავარი შეცდომა ის იყო, რომ არჩევებამდე ამ თემებს აიგნორებდა. მოლოდინი ჰქონდათ, რომ საკითხი: ევროპა თუ რუსეთი – იმდენად ცხადად დადგა, რომ ომისა და “ლგბტ პროპაგანდასთან” ბრძოლის კამპანია არ იმოქმედებდა. ამ თემებზე არ იმუშავეს კარგად. საბოლოო ჯამში, შედეგი დადგა ის, რომ ამ თემებმა იმოქმედა. ამიტომ, პოლიტიკურ პარტიებს ამ მხრივ აქვთ სამუშაო, რომ მოსახლეობას გააგებინონ, რატომ არის “ქართული ოცნების” გზავნილები მანიპულირება, ტყუილი თუ დეზინფორმაცია.

მაგალითად, როცა კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირის წევრობის ზოგიერთ კანდიდატს 20 წელია ეს სტატუსი აქვს და მოლაპარაკებებს არ უხსნიანო, აქ საუბრობს, ცხადია, თურქეთზე. მაგრამ, თურქეთი არის ავტორიტარული ქვეყანა. ამიტომ, კობახიძის განცხადება ინფორმაციით მანიპულირებაა – კი, 20 წელია ქვეყანას აქვს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ამის მიზეზი არა ევროკავშირი, არამედ თავად თურქეთია. ჩვენ თუ გვინდა ავტორიტარული ქვეყნის მშენებლობა, ეს სხვა საკითხია”, – ამბობს კაკაბაძე.

გია ნოდიას ამგვარი განცხადებების საპასუხო ბუნებრივ რეაქციად დაცინვა წარმოუდგენია. თუმცა, სერიოზული მიდგომის შემთხვევაშიც, ის ფიქრობს, “ანალიზის ღირსი ბოდვის შინაარსი კი არ არის, არამედ ის, თუ რატომ ჩაიგდო “ქართულმა ოცნებამ” თავი ისეთ დღეში, რომ სხვა გზა, გარდა იმისა, რომ სრულიად არალოგიკური ნარატივები შესთავაზოს საზოგადოებას, არ რჩება”.

სრულად წაკითხვა