უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას განცხადებით, პოლონეთს მისგან მიღებულ სახელმწიფო ჯილდოს დაუბრუნებს მას შემდეგ, რაც პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო.
„ვწუხვართ, რომ ვარშავაში ემოციებმა სძლიათ და პოლონელ პოლიტიკოსებს უსამართლო, იმპულსური და უარმყოფელი ქმედებებისკენ უბიძგა არა მხოლოდ პრეზიდენტ ზელენსკის, არამედ უპირველეს ყოვლისა, უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ. ასეთი დაუფიქრებელი ქმედებების ფონზე ვერ ვხედავ შესაძლებლობას, შევინარჩუნო პოლონეთის რესპუბლიკის მიერ 2022 წლის ოქტომბერში ჩემთვის მინიჭებული მაღალი სახელმწიფო ჯილდო – ორდენი პოლონეთის წინაშე დამსახურებისთვის „ვარსკვლავიანი კომანდორის ჯვარი“,- უახლოეს პერიოდში მას პოლონეთს დავუბრუნებ“, – აღნიშნა სიბიგამ.
მისი თქმით, საქმე არა ორდენებში, არამედ დამოკიდებულებშია და უკრაინა ყოველთვის ურთიერთპატივისცემის მიდგომას უჭერს მხარს, თუნდაც რთულ და პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით.
„ეს გულისხმობს, რომ პატივს ვცემთ ერთმანეთის გადაწყვეტილებებს მაშინაც კი, როცა მათ არ ვეთანხმებით. როგორც ამბობენ, „ვეთანხმებით, რომ არ დავეთანხმოთ“. ჩვენ არასოდეს გვსურდა ეს კონფლიქტი. პირიქით, წელიწად-ნახევრის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით უთანხმოებების მოგვარებაზე, ისტორიული საკითხების დეპოლიტიზაციაზე, პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობის განბლოკვაზე, პოლონური მხარის მოთხოვნით საძიებო-ექსჰუმაციური სამუშაოებისა და გადამარხვის პროცესების აღდგენაზე, ასევე ისტორიკოსთა კონგრესის საქმიანობის განახლებაზე. ამ გზაზე ბევრს მივაღწიეთ. ამჟამადაც მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები ჰუტა-პენიაცკაში, რომლის ჩატარებაც პოლონურმა მხარემ ითხოვა”, – აღნიშნა სიბიგამ.
მისი მტკიცებით, ამ ყველაფრის ფონზე არსებული დაძაბულობის კიდევ უფრო გამწვავება კონტრპროდუქტიულია და ეს არც უკრაინელებს სჭირდებათ და არც პოლონელებს.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ საბოლოოდ საღი აზრი გაიმარჯვებს და „პოლონელი მეგობრები დაუბრუნდებიან თანასწორ დიალოგს, რომელიც შეესაბამება ჩვენს ქვეყნებს შორის სამოკავშირეო ურთიერთობებს მოსკოვში საერთო მტერთან დაპირისპირების ფონზე“.
შეგახსენებთ, პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის თაობაზე განკარგულება გასცა. მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ქვედანაყოფისთვის „УПА-ს გმირების”(უკრაინის მეამბოხეთა არმია) სახელწოდების მინიჭებაზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თანხმობის გამო მიიღო.

2 hours ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·