სინდისის პატიმარმა ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასს სახალხო მანიფესტის ფარგლებში წერილი გაუგზავნა – უკანონოდ დაკავებული მსახიობის გზავნილები მისსავე კოლეგამ, გივიკო ბარათაშვილმა თეატრის წინ შეკრებილ საზოგადოებას გააცნო.
“სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. როგორ გამოვხატო მადლიერება იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ. ძალიან ვცდილობ, პათეტიკური არ ვიყო, მაგრამ კონტექსტმა გამწირა და მგონი ცოტა მომიწევს. როცა ვამბობ თქვენ, ვგულისხმობ თითოეულ თქვენგანს, ნაცნობებს და უცნობებს. თქვენ ხართ ადამიანები, რომელთაც გააზრებული პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული, პირველ რიგში, საკუთარ თავზე და აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა იცხოვროს ღირსეულ გარემოში, სადაც ყველა ადამიანი იქნება თანასწორი, დაცული, სოლიდარული.
ვამაყობ თითოეული თქვენგანით. თქვენი მოქმედებებით ვიჯერებ, რომ სადაც არ უნდა იყო და მოხვდე, ყველგან შეიძლება ბედნიერი იყო. ნებისმიერი უარყოფითი გადათარგმნადია დადებითში და სიყვარულში. ალბათ, ჩვენი ცხოვრების დანიშნულებაც ეგ არის. გადავარჩინოთ ადამიანი ადამიანში როგორც საკუთარ თავში, ისე სხვაში. ალბათ, თავისუფლებაც ეს არის და დიდი მადლობა თქვენ ამ თავისუფლებისთვის. მენატრებით”, – წერია წერილში.