ანექსირებულ ყირიმში რეგიონული ხასიათის საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა

1 hour ago 1

ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში 26 ივნისს, 13:00 საათზე საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ იტყობინება რეგიონში რუსეთის მიერ დანიშნული ხელმძღვანელი სერგეი აქსიონოვი. მისი სიტყვებით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა „ფულად-საფინანსო, საკრედიტო, სახელშეკრულებო და სხვა ურთიერთობების მოწესრიგების“, ასევე ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული პროცედურების გამარტივების მიზნით.

საგანგებო სიტუაციის რეჟიმი ნახევარკუნძულზე გამოცხადდა უკრაინის მიერ წარმოებული დარტყმების ფონზე. ბოლო დღეებში ყირიმსა და სევასტოპოლში ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებები დაფიქსირდა, ხოლო მაისის ბოლოდან გრძელდება ენერგეტიკული კრიზისი. შეიზღუდა საწვავის გაყიდვა და ხელისუფლებამ სეზონის ბოლომდე შეაჩერა საზაფხულო ბანაკებში ბავშვების მიღება, თუმცა ტურისტული სეზონი ფორმალურად არ დახურულა.

26 ივნისს, დილის 10:00 საათისთვის, ყირიმის ხიდზე მისასვლელებთან მრავალკილომეტრიანი სიგრძის რიგები წარმოიქმნა. ტელეგრამის არხის „ყირიმის ხიდი: ოპერატიული ინფორმაცია“ ცნობით, ტამანის მხარეს დაახლოებით 1000 მანქანა ელოდა შემოწმებას, ხოლო ქერჩის მხარეს - თითქმის 1800. ხელით შემოწმებისთვის რიგში ლოდინის დრო სამიდან ოთხ საათამდე აღწევდა.

დიდი ხერგილი შეიქმნა მას შემდეგ, რაც ყირიმზე უკრაინის დრონებით განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის გამო ღამით ხიდზე მოძრაობა მთლიანად შეჩერდა თითქმის ექვსი საათის განმავლობაში.

2026 წლის გაზაფხულიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს შეტევის მასშტაბი როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქ მოსკოვზე, ისე რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმზე.

დარტყმის ქვეშაა რუსული არმიის ობიექტები, სამხედრო მრეწველობის და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ნავთობის ტერმინალები და ტრანსპორტირების მარშრუტები.

რუსეთში ბენზინის გაყიდვა შეზღუდეს, ანექსირებულ ყირიმში კი სრული დეფიციტი შეიქმნა.

სრულად წაკითხვა