ანი ნადარეიშვილი, რომელიც პატიმრობაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნის, ბაჩო ახალაიას ცოლია, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გახდა. მისი თქმით, შეთავაზება მიიღო პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილისგან, რომელიც ამ პარტიი ლიდერი და ყოფილი თავმჯდომარეა.
„მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს არ არის ჩემი პოლიტიკაში მოსვლა კარიერის, თანამდებობის ან პირადი ინტერესების გამო. მე არ ვეძებ ძალაუფლებას და არც პოლიტიკური სტატუსი ყოფილა ოდესმე ჩემი მიზანი.
ამ გადაწყვეტილების უკან დგას მხოლოდ ერთი მოტივი - საქართველოს სიყვარული და პასუხისმგებლობის განცდა საკუთარი ქვეყნის წინაშე“, - ასე ახსნა ნადარეიშვილმა პოლიტიკაში მოსვლა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირდება უახლესი ისტორიის არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა. ამ კონტექსტში ახსენა მან საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ასევე პატიმრობაშია:
„ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი ბრძოლაში გავატარე - სიმართლისთვის, ღირსებისთვის, სამართლიანობისთვის. ამიტომაც დღესაც საკუთარ თავს პოლიტიკოსად კი არა, ამ ქვეყნის რიგით მოქალაქედ, პატრიოტად და მებრძოლად მივიჩნევ, რომელსაც არ შეუძლია გულგრილად უყუროს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც საქართველო დგას“.
radiotavisupleba ახალი ამბები