„„სარკე“, ია ქუთათელაძე
მომღერალ ლაშა ღლონტის შვილიშვილი, ანდრა, უზადოდ მღერის. ის სოციალური ქსელებიდან უამრავ სითბოსა და სიყვარულს იღებს. ანდრას უფროს ძამიკოსაც, 6 წლის მამუჩიკოს, აბსოლუტური მუსიკალური სმენა და ამასთანავე არტისტული მონაცემები აქვს. სხვადასხვა გმირების როლებს ირგებს და სპექტაკლებს დგამს. მისთვის ბაბუას უცხოეთიდან სპეციალურად ჩამოაქვს კოსტიუმები.
როგორ ზრდიან შვილებს ახალგაზრდა მშობლები, ანი ღლონტი და თორნიკე მაისურაძე, რა თვისებებს ამჟღავნებენ პატარები და რა ტრადიციებია მათ ოჯახში, ამ თემებზე ლაშა ღლონტის ერთადერთი ქალიშვილი “სარკეს” ესაუბრება.
– ანი, თქვენ რა ასაკში დაიწყეთ სიმღერა?
– როგორც მამა მეუბნება, ძალიან პატარა ვმღეროდი. 2 წლის ვიყავი, როცა ჯანო კახიძის სიმღერას ვასრულებდი – „მოვა მაისი”. ანდრა ერთი წლის რომ გახდა, ლაპარაკიც კი არ იცოდა კარგად, ჯანსუღ კახიძის ,,ალილოს“ მღეროდა. ასე რომ, ჩემი შვილებივით მეც ჯანო კახიძე გამორჩეულად მიყვარდა.
– რადგან ასეთი მუსიკალურები არიან, ალბათ ფიქრობთ, რომ მათ პროფესიული განათლება მისცეთ ამ მიმართულებით.
– ბიჭი 6 წლის არის და ვიცი, რომ კარგი მონაცემები აქვს, მაგრამ არასოდეს დამიძალებია, სიმღერა უნდა ისწავლო და სტუდიაში უნდა გატარო-მეთქი. თავად მოისურვა, მითხრა, დედიკო, მე ძალიან მიყვარს სიმღერა და წამიყვანეო. მამას, ლაშა ღლონტს, აქვს სტუდია და იქ შევიყვანე. ჩემთვის მთავარია, კარგი მსმენელები გამოვიდნენ. გენეტიკურად მოსდგამთ სიმღერის ნიჭი. თუ მოისურვებენ, პროფესიულად ისწავლონ, მშობლები ხელს შევუწყობთ.
– საერთოდ როგორ გარემოში იზრდებიან თქვენი პატარები, უფროსებისგან რას სწავფლობენ, რა უნარ-ჩვევებს უვითარებთ, რა არის თქვენთვის მთავარი?
– ბავშვი რასაც ხედავს ოჯახში, ძირითადად იმას იმეორებს. ჩვენ თანხმობით, სიმშვიდით ვცხოვრობთ, გვიყვარს ერთმანეთისთვის მადლობის გადახდა და მინდა, შვილებიც ზრდილობიანები გაიზარდონ, იცოდნენ უფროსუმცროსობა. ცალკე ვცხოვრობთ, მაგრამ გვაქვს დიდი ოჯახი – ბებიები, ბაბუები, დიდი ბებიები, ამიტომ უნდა გააცნობიერონ, რომ ამდენი ადამიანი მათზე ზრუნავს, უყვართ ისინი, შესაბამისად, მათაც პატივისცემა უნდა გამოხატონ, გადაუხადონ მადლობა. ძალიან არ მიყვარს უზრდელი ბავშვები, მინდა, ყველგან ზრდილობიანად მოიქცნენ, საზოგადოებაშიც და სახლშიც.
– ბიჭმა თუ იცის საკუთარი ოთახის დალაგება, სათამაშოების მოვლა?
– ვერ გეტყვით, რომ წარმატებით გამოგვდის ბოლომდე, მაგრამ ვცდილობ, მივაჩვიო. ყველა ბავშვს აქვს თანდაყოლილი სიჯიუტე და არც ჩემია გამონაკლისი. მოფერებით, ტკბილად ვახერხებ, ისწავლოს საკუთარი ნივთების მოვლა.
– ტელევიზორს, კომპიუტერს რა ადგილი უკავია მათ სათამაშოებში? თქვენი შვილებიც სხვა ბავშვებივით მობილური ტელეფონებით ერთობიან?
– ჭამის დროს საერთოდ დაუშვებელია ტელევიზორში მულტფილმის ყურებაც კი, რადგან ეს ცუდად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, კვების პროცესზე, საკვების გადამუშავებაზე. სხვა დროს კი ტელევიზორი ჩართულია, რადგან ჩემს შვილებს ძალიან უყვართ სიმღერები. ყოველ საღამოს გვაქვს კონცერტი, ქართულ და უცხოურ სიმღერებს უსმენენ და თავადაც მღერიან. მობილური ტელეფონი არც ერთ შემთხვევაში! გვაქვს ერთი პლანშეტი და განსაზღვრული დრო, დღეში მხოლოდ ერთი საათით.
– თქვენ და თორნიკე ხშირად თამაშობთ შვილებთან, ბუნებასი გადიხართ მათტან ერთად?
– დიახ, ამას ჩვენი მშობლები აკეთებენ, ხშირად მიჰყავთ ბავშვები ქალაქგარეთ სასეირნოდ. მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემი ქმარი ვმუშაობთ და ძალიან დაკავებულები ვართ, ვცდილობთ, მაინც გამოვყოთ დრო და კვირაში ორი დღე შვილებთან ერთად გავიდეთ სადმე. ეს მნიშვნელოვანია და ჩვენს შვილებსაც ეტყობათ, რომ ყველაზე მეტად მშობლებთან ყოფნა უხარიათ.
– თქვენს პატარებს სასუსნავით, ტკბილეულით ხშირად ანებივრებთ?
– ისე ვერ გაზრდი შვილებს, რომ ზუსტად დაიცვა კვების ყველა ნორმა. გაზიან სასმელებს საერთოდ არ ვასმევ, ორ წლამდე შაქარიც არ ჰქონდათ გასინჯული. მაქსიმალურად ვცდილობ, მცირე დოზით მიიღონ, მაგრამ მაინც მიხდება მათი გახარება, რადგან ნუგბარი ძალიან უყვართ.
– ბიჭი უკვე 6 წლის არის, შესაბამისად, სკოლაში წასვლა უწევს. სად მიგყავთ, საჯარო თუ კერძო სკოლაში?
– ვთვლი, რომ დაწყებით კლასებში არ არის აუცილებელი, კერძო სკოლაში წაიყვანო. საერთოდაც, დღეს კარგი საჯარო სკოლებია. ჩვენს შემთხვევაში მშობლები ძალიან დაკავებულები ვართ, საჯარო სკოლიდან ან დილის 12-ზე უნდა გამოიყვანო, ან მეორე ცვლაში წაიყვანო, ამიტომ იძულებულები ვართ, კერძო სკოლაში მივიყვანოთ, სადაც გახანგრძლივებული სწავლებაა.
– გარდა სიმღერისა, მამუჩიკოს კიდევ რისი გაკეთება მოსწონს?
– საოცრად არტისტული ბავშვია. ჩვეულებრივი სათამაშოები დიდად არ მოსწონდა, ყოველთვის სხვადასხვა ზღაპრის და ფილმების გმირების კოსტიუმები ხიბლავდა. ამ კოსტიუმებს იცვამს და სპექტაკლებს დგამს. როცა ლაშა გასტროლებზე დადის, უცხოეთიდან უამრავი კოსტიუმი ჩამოაქვს და პირველად ჩვენთან მოდის, რომ მამუჩიკო გააბედნიეროს. საერთოდაც, ლაშას განსაკუთრებულად უყვარს, რადგან მას ძალიან ჰგავს და ალბათ საკუთარ ბავშვობას ახსენებს. ბაბუა-შვილიშვილს გამორჩეული ურთიერთობა აქვთ.
– წინა ინტერვიუში მითხარით, რომ მეუღლესთან ერთად საკონცერტო პროგრამაზე მუშაობდით. რა ეტაპზეა თქვენი გეგმები?
– პატარ-პატარა კონცერტები გვაქვს, დიდ პროექტზე ჯერ არ გვიმუშავია. მოგეხსენებათ, ზაფხული მოდის, ჩვენი საზრუნავი ახლა ბავშვების დასვენებაა. ბებიას მიჰყავს ზაფხუ-ლობით გურიაში, სოფელში, შემდეგ ბახმაროშიც ადიან. მთის ჰაერი ბავშვებისთვის ძალიან სასარგებლოა. მერე კი ბათუმში წავალთ, ჩემი ბავშვობის ქალაქში. საბედნიეროდ, იქ სახლი გვაქვს და ყველაზე დიდი სიამოვნებით ბათუმისკენ მიმეჩქარება.
ჩემი მეუღლე რაჭველია, დინჯი, გაწონასწორებული, არ უყვარს ბევრი ლაპარაკი. მე გურული ხასიათი მაქვს, მხიარული, სწრაფი. ვაბალანსებთ ერთმანეთს. მართალია, ცოტა დრო გვრჩება თავისუფალი, მაგრამ ერთმანეთისთვის მაინც ვიცლით. მივდივართ გასართობად, სასეირნოდ, ერთად ვუვლით ჩვენს ეზოს, ყვავილებს, ვაზს. ყველაზე ნაყოფიერი ამ მხრივ პანდემია იყო, როცა სახლიდან ვმუშაობდით და სულ ერთად ვიყავით.
წინ მთელი ცხოვრება გვაქვს, ხან უფრო მეტი დრო გვექნება, ხან – ნაკლები, მთავარია, ყველა დროში ჩვენი სიყვარული იყოს უცვლელი.