ანკორიჯში უკრაინის მხარდამჭერი აქციები დაიწყო

1 week ago 4

ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში, სადაც დღეს, 15 აგვისტოს გაიმართება აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა, უკრაინის მხარდამჭერი აქციები დაიწყო.

14 აგვისტოს ასეულობით დემონსტრანტმა აქცია გამართა სიუარდის ავტომაგისტრალთან. მათ თან ჰქონდათ უკრაინის დროშები და პლაკატები. ერთ-ერთ მათგანზე ეწერა: „უკრაინა და ალასკა აღარასდროს იქნებიან რუსული“.

აქციის ამსახველი ვიდეო სოციალური ქსელებით გაავრცელა „ამერიკის ხმის" ყოფილმა კორესპონდენტმა ოსტაპ იარიშმა.

ანკორიჯში უკრაინის მხარდამჭერი აქცია დღეს, 15 აგვისტოსაც გაიმართება.

აქციების ერთ-ერთმა ინიციატორმა, ორგანიზაცია Stand UP Alaska-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ერინ ჯექსონ-გილმა სააგენტო „უკრინფორმს” განუცხადა, რომ ეწინააღმდეგებიან ალასკის შტატში ავტორიტარი დიქტატორების მიწვევას, პუტინი სამხედრო დამნაშავეა და ამერიკულ მიწაზე მისი ადგილი არ არის.

ერინ ჯექსონ-გილის ინფორმაციით, აქციების მონაწილეები მოითხოვენ, რომ პუტინმა აგრესია შეწყვიტოს და უკრაინა დატოვოს.

შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის დღევანდელი მოლაპარაკება ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე გაიმართება.

თეთრი სახლის ინფორმაციით, შეხვედრა ადგილობრივი დროით 11:00 საათზე(მოსკოვის დროით 22:00) დაიწყება.

14 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ შეხვედრა მოსკოვის დროით 22:30 საათზე დაიწყებოდა.

რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრამდე, 13 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა ონლაინ-შეხვედრა გამართა უკრაინის პრეზიდენტთან და ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოსა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან.

ტელეკომპანია NBC News-ის ინფორმირებული წყაროების ცნობით, ტრამპმა ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ არ აპირებს პუტინთან განიხილოს უკრაინის ტერიტორიების განაწილების საკითხი და მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა სურს.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომელიც პრეზიდენტ ტრამპთან ონლაინ-შეხვედრაში ბერლინიდან, გერმანიის კანცლერ მერცთან ერთად მონაწილეობდა, 13 აგვისტოს განაცხადა, რომ ტრამპი-პუტინის შეხვედრის მთავარი თემა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა იქნება.

სრულად წაკითხვა