სოციალური ქსელების ანონიმური მომხმარებელი აცხადებს, რომ 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის ფეისბუკ-გვერდზე წვდომა მოიპოვა და ოსურ ენაზე პოსტი (“დადგა ჟამი”) მან გაავრცელა.
მომხმარებელმა სახელწოდებით “ნასვამი ჩოჩორი” ტიკტოკზე შესაბამისი მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების შემდეგ გაავრცელა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ გურამ დადიანიძის დედამ და ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ წინასწარ იცოდნენ, რომ დაკარგული ბიჭის ფეისბუკ-ანგარიშზე პოსტი გამოქვეყნდებოდა. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, გურამ დადიანიძის FB-ანგარიშზე წვდომის დაბრუნება Telegram-ზე ერთ-ერთ ჩატში დაგეგმეს, რომლის წევრიც არის დადიანიძის დედის ახლო ნათესავი.
ცნობას, რომ პოსტის გამოქვეყნების შესახებ წინასწარ იცოდა, კატეგორიულად უარყოფს ტარიელ კაკაბაძე. მან გამოაქვეყნა მიმოწერის სქრინშოტები, რითაც ამტკიცებს, რომ ზემოხსენებულმა მომხმარებელმა ის პოსტ-ფაქტუმ ჩააყენა საქმის კურსში.
რაც შეეხება ანონიმი მომხმარებლის მოტივაციას. ის ტიკტოში გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში აცხადებს, რომ ჰყავს გუნდი და გურამ დადიანიძის საქმეზე დამოუკიდებელ გამოძიებას აწარმოებს და სურს დაეხმაროს ოჯახს. პოსტი კი იმიტომ გამოაქვეყნა, რომ როგორც ჩანს, ელოდა კახა გელაშვილის რეაქციას. კახა გელაშვილი არის ადამიანი, რომელიც ლომისობაზე გურამ დადიანიძესთან ერთად იმყოფებოდა 2014 წელს.
ანონიმი მომხმარებელი ვიდეო მიმართვაში ამბობს, რომ არც ტარიელ კაკაბაძემ და არც სოფო ბიბილაშვილმა წინასწარ არ იცოდნენ მათი გეგმების შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ გურამ დადიანიძის დედამ და ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ წინასწარ იცოდნენ, რომ დაკარგული ბიჭის ფეისბუკ-ანგარიზე პოსტი გამოქვეყნდებოდა.
“გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვნის გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე განთავსებულ პოსტთან დაკავშირებით ჩატარებული მოკვლევის შედეგებზე.
გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე, მიმდინარე წლის 18 აგვისტოს განთავსებული პოსტის წარმომავლობის დადგენის მიზნით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტენსიურ რეჟიმში განახორციელეს არაერთი შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ გურამ დადიანიძის ფეისბუქის გვერდზე აღნიშნული პოსტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ, როგორც გურამ დადიანიძის დედა – სოფო ბიბილაშვილი, ასევე ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.
როგორც ირკვევა, აღნიშნული პოსტის სოციალურ ქსელში განთავსება ინტერნეტ აპლიკაცია „ტელეგრამში“ შექმნილ ჯგუფში, დაიგეგმა, რომლის წევრებიც არიან გურამ დადიანიძის დედის ახლო ნათესავი და სხვა დაინტერესებული პირები. ჯგუფის წევრებისთვის ცნობილი გახდა, რომ წარსულში გურამ დადიანიძის ტელეფონის ნომერს, რომლითაც დადიანიძის ფეისბუქ პროფილი იყო რეგისტრირებული, არ ჰყავდა ახალი მფლობელი და შესაძლებელი იყო მისი შეძენა.
აღნიშნული ნომერი შეიძინა „ტელეგრამ“ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა გურამ დადიანიძის ფეისბუქ პროფილზე შეღწევა. მოგვიანებით კი გურამ დადიანიძის ფეისბუქ პროფილზე სტატუსი გამოაქვეყნა ამავე ჯგუფის საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფმა ერთ-ერთმა წევრმა.
ასევე, ჯგუფის წევრებმა წარსულში გურამ დადიანიძის მფლობელობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე გაააქტიურეს სხვადასხვა აპლიკაცია (WhatsApp; Viber).
მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებული, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხი არ გამოიყენონ გამოძიებისთვის ხელის შეშლისთვის, მოქალაქეების შეცდომაში შეყვანისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის”, – აცხადებენ შსს-ში.
ამ ინფორმაციას გამოეხმაურა ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე. მისი თქმით, ტყუილია, რომ ამ ამბავზე რაიმე წინასწარ იცოდა და ამას დაადასტურებს.
“შსს-მ დადო არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს მე წინასწარ ვიცოდი რომ რაღაც პოსტი უნდა დადებულიყო ოსურ ენაზე. აქამდე ვინარჩუნებდი კოლეგიალობა, მაგრამ ახლა უკვე ვხვდები, რომ არ სურთ ამ საქმის გამოძიება. ცდილობენ ჩემს დისკრედიტაციას. შსს-ს განცხადება რომ უდიდესი ტყუილია, ამის დასადასტურებლად ცოტა ხანში დავდებ სქრინებს და გავასაჯაროვებ ყველაფერს!შსს-მ დადო არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს მე წინასწარ ვიცოდი რომ რაღაც პოსტი უნდა დადებულიყო ოსურ ენაზე. აქამდე ვინარჩუნებდი კოლეგიალობა, მაგრამ ახლა უკვე ვხვდები, რომ არ სურთ ამ საქმის გამოძიება. ცდილობენ ჩემს დისკრედიტაციას. შსს-ს განცხადება რომ უდიდესი ტყუილია, ამის დასადასტურებლად ცოტა ხანში დავდებ სქრინებს და გავასაჯაროვებ ყველაფერს”, – აცხადებს კაკაბაძე.
12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ფეისბუკ-გვერდზე პოსტი სამშაბათს გამოქვეყნდა.
“Арцыд рæстæг” – ეს ოსურად ნიშნავს “მოვიდა დრო”.
გურიკამ თუ საიტი ჩართო, მაშინ დედასაც მისწერდა და ეტყოდა, რომ მოვდივარ და ცოცხალი ვარ. ე.ი. ვიღაც მაგრად თამაშობს და… არ ვიცი, თუ ამ საქმეს სათამაშოდ ხდის… ეს ხალხის მასხრად აგდება გამოდის.
თუ პოლიცია არ დაადგენს, საიდან მოდის ეს მესიჯები… პროკურატურაშია გადაცემული და გამოაშკარავდება ყველაფერი. ადვოკატმა მითხრა, რომ ყველაფერს დავადგენთო”, – თქვა დედამ, სოფო ბიბილაშვილმა ტვ პირველთან.
გურამ დადიანიძის ამბავი
შსს-ს ცნობით, მოწმეთა ჩვენებების თანახმად, იკვეთება შემდეგი სურათი – 2014 წლის 10 ივნისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთაში, ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ლომისის სალოცავში თემქის დასახლებიდან მიკროავტობუსით 16 მეზობელი წავიდა. ვინაიდან რთული რელიეფური გზის გამო ისინი ვერ მოახერხებდნენ მიკროავტობუსით სალოცავამდე მისვლას, ავტომობილი გააჩერეს სოფელ მლეთაში და ტაძრისკენ გზა ფეხით გააგრძელეს. აღნიშნული პირები სალოცავში გაჩერდნენ მცირე ხნით და დაახლოებით ღამის 2 საათზე უკან ფეხით დაბრუნება დაიწყეს. მოწმეთა განცხადებით, ფეხით ჩამოსვლისას გურამ დადიანიძე მარტო არ იმყოფებოდა და მოდიოდა ნათესავთან ერთად, ასევე დადგინდა, რომ გზაზე გურამ დადიანიძე შესვენების მიზნით ჩამოჯდა ქვაზე, რასაც შეესწრო როგორც ნათესავი, ასევე მისი ორი მეზობელი მამა-შვილი.
მოწმეთა განცხადებით, გურამ დადიანიძის შეჩერების ადგილიდან ავტომობილამდე დარჩენილი იყო 300-დან 500 მეტრამდე მანძილი. შესვენებისას გურამ დადიანიძემ თავად მოითხოვა, რომ დანარჩენებს გაეგრძელებინათ გზა და დაეწეოდა. მასთან ერთად მყოფმა სამმა პირმა გზა გააგრძელა.
მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა პირებმა მცირე მანძილი გაიარეს და გურამ დადიანიძე აღარ გამოჩნდა, სიბნელის გამო ერთ-ერთმა მეზობელმა მისი ძებნა ხელის სანათის გამოყენებით დაიწყო. თუმცა, როდესაც იგი იმ ადგილას დაბრუნდა, სადაც გურამ დადიანიძე ბოლოს ნახეს, იქ აღარ იმყოფებოდა.
მოწმეთა განცხადებით, აღნიშნულის შესახებ შეატყობინეს სამართალდამცველებს და ძებნაში მალევე ჩაერთნენ პოლიციის თანამშრომლები. გურამ დადიანიძეს თან არ ჰქონდა ტელეფონი და მისმა მეგობრებმა ფიზიკურად ვერ შეძლეს მასთან დაკავშირება, ასევე აღნიშნულის გამო ვერ მოხერხდა მისი შემდგომი ლოკაციების და გადაადგილების დადგენა.
“მოწმეთა ჩვენებით დგინდება, რომ მას არც მგზავრობისას და არც სალოცავში მისვლისას არავისთან კონფლიქტი არ მოსვლია და რაიმე დაპირისპირების საფრთხე არ არსებობდა. ასევე, კონკრეტულ ადგილას, სადაც ჩამოჯდა გურამ დადიანიძე, მოძრაობდა ძალიან ბევრი მომლოცველი. საქმეზე გამოკითხულია ყველა პიროვნება, ვინც გურამ დადიანიძესთან ერთად იმყოფებოდა და მგზავრობდა, ასევე საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა, ასევე, ვერ იქნა გამოვლენილი ისეთი გარემოება, რომელიც დაადასტურებდა გურამ დადიანიძესთან წარსულში არსებულ შურისძიების მოტივს. შემთხვევის ადგილზე რაიმე სახის ძალადობის კვალი არ აღინიშნებოდა”, – აცხადებენ შსს-ში.
ამ 12 წლის განმავლობაში დადიანიძის დედა მუდმივად ითხოვდა სამძებრო სამუშაოების განახლებას, ის ითხოვდა დამეწყრილი ადგილის შემოწმებას, თუმცა, მისივე განცხადებით, ამაოდ. გამოძიება ბოლო დღეებში გააქტიურდა, მას შემდეგ, რაც საქმე მასმედიის და სოცქსელების მომხმარებლების ყურადღების ქვეშ მოექცა.
netgazeti