ის 2016 წლიდან „ქართულ ოცნებაში“ იყო, 2022 წლის 4 ოქტომბერს კი შეუერთდა „ხალხის ძალას“, - „ქართული ოცნების“ მსგავსად, ანტიდასავლურ პარტიას, რომელიც „ოცნებას“ „მეტი სიმართლის თქვის“ მოტივით გამოეყო.
მას ორივე ჯერზე მხარი აქვს დაჭერილი „აგენტების კანონისათვის“ - როგორც 2023 წელს, - რის შემდეგაც კანონი გაიწვიეს, - ისე 2024 წელს, როდესაც ის საბოლოოდ მიიღეს.
ბერაია 2016-20 და 2020-24 წლების მოწვევის პარლამენტარია. დაჩი ბერაია ასევე იყო დეპუტატი 2024 წლის არჩევნების შემდეგ დაკომპლექტებულ პარლამენტში, რომლის ლეგიტიმურობაც სადავოა.
იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური ცნობის თანახმად, „ირაკლი ბერაია პროფესიით ეკონომისტია“ და „მან წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი“.
სამინისტრო წერს იმასაც, რომ „ირაკლი ბერაიას პოლიტიკურ საქმიანობამდე წარმატებული კარიერა ჰქონდა საბანკო სექტორში“.
პარლამენტის საიტზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, ბერაიამ კარიერა დაიწყო 2001 წელს, როდესაც იყო „გაერთიანებული ქართული ბანკის“ შიკრიკი, შემდეგ 2004 წლამდე ამავე ბანკის სპეციალისტ-შემფასებელი, რის შემდეგაც ბიძინა ივანიშვილის ბანკ „ქართუში“ გადავიდა. ის ივანიშვილის ბანკში 2016 წლამდე სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. ბოლოს - ცენტრალიზებული ადმინისტრირების დეპარტამენტის დირექტორად.