საქართველოში „ანტიანექსიური პლატფორმა“ დაფუძნდა, რომლის მიზნებს შორისაა „რუსეთის საოკუპაციო და ანექსიური პოლიტიკის წინააღმდეგ სამართლებრივი, საზოგადოებრივი და მშვიდობიანი გზებით მოქმედება, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების განმტკიცება”.
პლატფორმის პრეზენტაცია 27 აგვისტოს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა. მისი დამფუძნებლები ამბობენ, რომ ეს საქართველოს მოქალაქეთა „ზეპარტიული და ნებაყოფლობითი გაერთიანებაა“.
პლატფორმამ მიიღო დეკლარაცია - „არა ოკუპაციას და ფაქტობრივ ანექსიას - დიახ სამართლიანობას, მშვიდობასა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.“
პლატფორმის დამფუძნებლები
- ვლადიმერ ჩაჩიბაია - საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე;
- ნოდარ ხარშილაძე - საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის CSAC თანადამფუძნებელი;
- აკია ბარბაქაძე - პოლკოვნიკი თადარიგში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე;
- კახა გოგიძე - რეჟისორი;
- პაატა დავითაია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე;
- ნიკოლოზ ვაშაკიძე - უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრის და თავდაცვის მინისტრის ყოფოლი მოადგილე;
- მამუკა გამყრელიძე - საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში;
- გიორგი მელაშვილი - ევროპულ-ქართული ინსტიტუტის (EGI) დირექტორი;
- ირაკლი ტაბლიაშვილი - ჟურნალისტი.
პლატფორმის მიზნები
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე.
- რუსეთის მხრიდან მიმდინარე ოკუპაციის და ფაქტობრივი ანექსიისა, ისევე როგორც ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პრინციპის განმტკიცება და საქართველოს ტერიტორიების ძალის გამოყენებით მიტაცების სამართლებრივი შეფასების ხელშეწყობა.
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა უფლებების დაცვა.
- ოკუპირებულ რეგიონებში „მარიონეტული რეჟიმებისა და მათი ლიდერების, აგრეთვე ანექსიური პროცესის ხელშემწყობი პირების მიმართ საერთაშორისო სისხლის სამართლებრივი დევნის ინიცირება“.
- აღნიშნულ საკითხებზე სამართლებრივი კვლევებისა და ანალიზის განხორციელება.
- საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება რუსული ჰიბრიდული და ანექსიური საფრთხეების შესახებ.
- მიმდინარე ფაქტობრივი ანექსიის შედეგად დაზარალებული ადამიანების მხარდაჭერა და მათი უფლებების დაცვა.
- საერთაშორისო პარტნიორებთან და დიპლომატიურ კორპუსთან აქტიური თანამშრომლობა ანექსიის რისკებისა და ოკუპაციის საკითხებზე.
- მშვიდობიანი და სამართლებრივი გზებით კონფლიქტების მოგვარების მხარდაჭერა.
პლატფორმის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
ორგანიზაციის დამფუძნებელთა განცხადებით, მათი საქმიანობა რამდენიმე საკვანძო მიმართულებას მოიცავს. გუნდი იმუშავებს რუსეთის მიერ წარმოებული ფაქტობრივი ანექსიის ნაბიჯების სამართლებრივი დასკვნებისა და ანალიტიკური დოკუმენტების მომზადებაზე, რასაც დაემატება კვლევები საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე.
„ანტიანექსიური პლატფორმა“ გეგმავს მუდმივ კოორდინაციას და სამუშაო შეხვედრებს საერთაშორისო პარტნიორებთან, ანალიტიკურ ცენტრებსა და დიპლომატიურ მისიებთან. ამასთან, იგეგმება კონფერენციების, დისკუსიებისა და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების აქტუალიზაციასა და ფაქტობრივი ანექსიისა თუ ოკუპაციის შედეგად დაზარალებულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობას. გარდა ამისა, ორგანიზაცია მხარს დაუჭერს რუსეთის მარიონეტული რეჟიმების ლიდერებისა და ანექსიის პროცესში ჩართული აქტორების მიმართ მიზნობრივი სანქციების დაწესების საკითხს.
გაერთიანების წარმომადგენლები ამბობენ, რომ „რუსეთის მიერ განხორციელებული ფაქტობრივი თუ სამართლებრივი ანექსია ვერასოდეს გახდება კანონიერი რეალობა, ხოლო ძალადობით შეცვლილი საზღვრები ვერ მოიპოვებს მორალურ და სამართლებრივ ლეგიტიმაციას“.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ ცნო. საქართველო და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები ამ რეგიონებს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევენ. მათ „დამოუკიდებლობას“ მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა და სირია აღიარებენ.
ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსეთი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლს აძლიერებს და დე ფაქტო ანექსიისკენ ნაბიჯებს დგამს. ამის ერთ-ერთ დადასტურებად სახელდება ცხინვალში მოსკოვიდან ახალი „ლიდერის“ - მარატ კამბოლოვის - გაგზავნა, რომელიც ამ დროისთვის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია და 18 სექტემბერს დანიშნულ „არჩევნებში“ მონაწილეობს.
radiotavisupleba ახალი ამბები