WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სასამართლოში კრიმინალური ავტორიტეტების, ვატო ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის (იგივე კაწრო) რესტორანში ჩხუბის საქმის განხილვა გრძელდება.

პროკურორმა ვახტანგ ხარებაშვილმა დაკავებული კრიმინალური ავტორიტეტებისთვის შეფარდებული ე.წ. წინასწარი პატიმრობის [განაჩენის დადგომამდე აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთი და ყველაზე მკაცრი ზომა] განხილვისას განაცხადა, რომ პატიმრობის სხვა ზომით შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

„ანუ, არ გამოვიდეთ გარეთ, სულ „ვიჯდეთ“ ხომ?“ — მიმართა ვატო ყიფიანმა პროკურორს ამის პასუხად.

პროკურორის განმარტებით, არსებობს ბრალდებულების მიმალვისა და მოწმეზე ზემოქმედების საფრთხეები, თუ მათთვის პატიმრობა შეიცვლება სხვა ზომებით, მაგალითად, გირაოთი.

პროკურორმა სასამართლოს ასევე შეახსენა, რომ წარსულში ჩადენილი ქმედებებისთვის, ავთანდილ ბილანიშვილს არაერთხელ დაჰკისრებია ჯარიმა.

„როგორც კი მუშაობას დავიწყებ, გადავიხდი მაგ ჯარიმას”, — ეს უკვე ავთანდილ ბილანიშვილის საპასუხო რეპლიკაა პროკურორის მისამართით.

სასამართლომ კრიმინალური ავტორიტეტები პატიმრობაში დატოვა.

ვატო ყიფიანი და ავთო ბილანიშვილი [კაწრო] 15 ოქტომბერს დააკავეს თბილისის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ჩხუბის საქმეზე. ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით [სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი]. ამავე საქმეზე მათთან ერთად არის დაკავებული შოთა ყიფიანიც.

ამ საქმეში დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ბრალდებულებს ორ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

სამივე ნახსენები პირი ასევე ბრალდებულია დავით ფეიქრიშვილის ციხეში ცემის საქმეზე. თუმცა ამ საქმის განხილვა სასამართლოში დეკემბრის ბოლომდე არ განახლდება.