ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაქსიმ რიჟენკოვის თქმით, 19 ნოემბერს მინსკში გამართული შეხვედრის შემდეგ მიხაილ გალუზინმა და გიორგი ზურაბაშვილმა მოლაპარაკებები შესაძლოა მოსკოვსა და თბილისში გააგრძელონ.
რიჟენკოვმა ამის შესახებ 25 ნოემბერს გომელში, ბელარუსისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების კოლეგიების ერთობლივი სხდომის შემდეგ განაცხადა. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ის ცნობით, მინისტრმა თქვა, რომ მინსკის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ორივე მხარის წარმომადგენლებისგან მიიღო.
„მხარეებმა ურთიერთნდობის განმტკიცებაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, რამაც შესაძლებელი გახადა შემდგომი მოლაპარაკებების უკვე ორი ქვეყნის დედაქალაქებში გადატანა“, - თქვა რიჟენკოვმა. მისი თქმით, მინსკში ამას შეხვედრის მთავარ შედეგად მიიჩნევენ.
რადიო თავისუფლებამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰკითხა, განიხილება თუ არა მომდევნო შეხვედრების თბილისსა და მოსკოვში გამართვა. ამ შესაძლებლობაზე საჯაროდ კომენტარი არც ქართულ მხარეს გაუკეთებია და არც რუსულს. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
რა მოჰყვა მინსკის შეხვედრას
19 ნოემბერს მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი შეხვდა გიორგი ზურაბაშვილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს.
შეხვედრის შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ „რიგ შეთანხმებებს“ მიაღწიეს. მოგვიანებით გალუზინმა ТАСС-ს უთხრა, რომ ამ ფორმატში შეხვედრები რეგულარული გახდება. მან ერთ-ერთი შეთანხმებაც დაასახელა - მისი თქმით, თბილისის ინიციატივით, მხარეები საავტომობილო გადაზიდვებისთვის დამატებითი ნებართვების გაცემაზე შეთანხმდნენ.
კითხვაზე, რატომ შეირჩა შეხვედრის ადგილად მინსკი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის“ ეთერში უპასუხა, რომ ქართულ მხარეს მინსკის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა და მისთვის მთავარი შეხვედრის დროულად გამართვა იყო. მინისტრის თქმით, შეხვედრას „არაფერი აქვს საერთო“ არც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების ნაწილობრივ აღდგენასთან და არც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ჩანაცვლებასთან.
რუსეთ-საქართველოს პირდაპირი დიალოგის წინა ფორმატში შეხვედრები 2012 წელს დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის წარმომადგენელი გრიგორი კარასინი ერთმანეთს ძირითადად პრაღაში ხვდებოდნენ.
radiotavisupleba ახალი ამბები