WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებითაა დაინტერესებული.

მან ბელარუსს მადლობა გადაუხადა მინსკში რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკების მასპინძლობისთვის და „პრაგმატული“ უწოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის პოზიციას რუსეთთან დიალოგზე.

„ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებით. მივესალმები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლოდროინდელ განცხადებას, რომ რუსეთის ფედერაციასთან კონტაქტის არ უნდა გვეშინოდეს. მიმაჩნია, რომ ეს პრაგმატული მიდგომაა, რომელიც როგორც ქართველი ხალხის, ისე საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობის ინტერესებს შეესაბამება“, – თქვა ლავროვმა.

რაზე შეთანხმდნენ მინსკში

19 ნოემბერს მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი შეხვდა გიორგი ზურაბაშვილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს. გალუზინის თქმით, ამ ფორმატში შეხვედრები რეგულარული გახდება.

შეხვედრის შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ „რიგ შეთანხმებებს“ მიაღწიეს. მოგვიანებით გალუზინმა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ს უთხრა, რომ თბილისის ინიციატივით მხარეები საავტომობილო გადაზიდვებისთვის დამატებითი ნებართვების გაცემაზე შეთანხმდნენ.

გალუზინის თქმით, რუსულმა მხარემ ქართულ დელეგაციას გააცნო ზომები, რომლებსაც მოსკოვი რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდების გასაზრდელად იღებს. შეხვედრის შემდეგ საჯაროდ არც გალუზინს და არც ქართულ მხარეს არ უხსენებიათ შეზღუდვები, რომლებიც რუსეთმა ცოტა ხნის წინ რამდენიმე ქართული კომპანიის პროდუქციას დაუწესა.

გალუზინის განცხადებით, შეხვედრის მონაწილეები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ტურისტული ნაკადის ზრდას და გამოთქვეს მზადყოფნა კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გასაღრმავებლად. მისი თქმით, მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოებაც განიხილეს და მსჯელობისას იხელმძღვანელეს პრინციპით, რომ სამხრეთ კავკასიაში არსებული პრობლემების მოგვარებაზე პასუხისმგებლობა რეგიონის ქვეყნებსა და მათ უშუალო მეზობლებს ეკისრებათ.

რას ამბობს ქართული მხარე

მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თქვა, რომ მინსკის შეხვედრას „არაფერი აქვს საერთო“ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების ნაწილობრივ აღდგენასთან ან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ჩანაცვლებასთან.

„არ არის არაფერი საშიში იმაში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც გაქვს პრობლემები“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კითხვაზე, რატომ შეირჩა შეხვედრის ადგილად მინსკი, მინისტრმა უპასუხა, რომ ქართულ მხარეს მინსკის წინააღმდეგ არაფერი ჰქონდა და მისთვის მთავარი შეხვედრის დროულად გამართვა იყო.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარა.

20 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ქართულ მხარეს მოსკოვისთვის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივით არ მიუმართავს.

როგორ აფასებენ ახალ ფორმატს

„საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება“ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილისთვის რუსეთთან მოლაპარაკების მინდობას „დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ერთგვარ ფორმად“ მიიჩნევს. ორგანიზაციის შეფასებით, შეხვედრის ადგილად რუსეთის მოკავშირე ბელარუსის დედაქალაქის შერჩევა საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებაზე მიუთითებს.

ანალიტიკოსმა გიორგი მელაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ, ვიდრე მოსკოვს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში „საელჩოები“ აქვს გახსნილი, რუსეთთან ამ დონეზე პირდაპირი ურთიერთობის დაწყება საქართველოს არაღიარების პოლიტიკას აზიანებს.