„არ გვსურს რუსეთში ცხოვრება" - ქუთაისში ისევ საპროტესტო გამოსვლებია

3 weeks ago 9

მეოთხე დღეა ქუთაისში გრძელდება საპროტესტო აქციები ევროპული მომავლის დასაცავად და ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით.

1 დეკემბერს, დღის განმავლობაში გაიმართა რამდენიმე აქცია და ავტოკოლონით მსვლელობა. დემონსტრანტები ქუთაისის მერიასთანაც შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობასაც და დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ქუთაისში. 2024 წლის 1 დეკემბერი

საპროტესტო აქციის მონაწილეები ქუთაისში. 2024 წლის 1 დეკემბერი

„გაბრაზებული ქალები ცვლიან სამყაროს!“ - ამ მოწოდებით აქციას შეუერთდნენ სოციალურ ქსელში ერთ-ერთ ჯგუფში გაერთიანებული ქალები.

„ვართ ძალიან გაბრაზებული იმ სისასტიკით, რაც ხდება თბილისში. არ გვსურს რუსეთში ცხოვრება... ქალებმა უნდა ამოვიღოთ ხმა ჩვენი შვილების ევროპული მომავლისთვის. ჩვენ არ ვაღიარებთ არაკანონიერ პარლამენტს და მოვითხოვთ ახალ არჩევნებს!" - განაცხადა აქციის მონაწილემ, თამარ ფონიავამ.

ქუთაისის მერიასთან პერფორმანსი გამართეს შშმ პირებთან მომუშავე ორგანიზაციების სპეციალისტებმა და ბენეფიციართა მშობლებმა. მათ ხელში ეჭირათ პირახვეული თოჯინები.

„ეს თოჯინები არის ბავშვების სიმბოლო. ბავშვთა ორგანიზაციებს და მშობლებს დღეს გვაქვს აქცია ამ რეჟიმის წინააღმდეგ, რათა შევახსენოთ მათ და მთელ საქართველოს, რომ ბავშვების მომავალი დასავლური ღირებულებების გარეშე არ არსებობს… პროგრესი, რომელიც განიცადა ჩვენმა ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში, დაკავშირებულია იმ დაფინანსებასთან და პოლიტიკის შემოტანასთან, რასაც ევროკავშირი და ამერიკა უზრუნველყოფდა... ჩვენ უბრალოდ ვერ გადავრჩებით, თუ ევროკავშირთან ერთად არ გაგრძელდა ჩვენი აწმყოსა და მომავლის შენება", - ამბობს ორგანიზაციის, "ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის" დირექტორი ლიკა მხატვარი.

თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.

საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.

28 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე საპოლიციო ძალებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია სამჯერ დაშალეს ძალის და სპეცსაშუალებების გამოყენებით და 150-ზე მეტი პირი დააკავეს. სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს და მედიის წარმომადგენლებს.

შსს ირწმუნება, რომ ძალა დემონსტრანტების მხრიდან ძალადობის პასუხად გამოიყენა. ძალა გამოყენებული იყო აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგაც.

სრულად წაკითხვა