დღეს, 31 მარტს, ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ მორიგი პროევროპული აქცია გაიმართება. პროტესტის 124-ე დღე, სიმბოლურად, საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეს ეძღვნება.
აქციის ორგანიზატორების თქმით, რეფერენდუმიდან 34 წლის შემდეგ, ქართველი ხალხის არჩევანი რუსულმა რეჟიმმა საფრთხის წინაშე ევროპული გზიდან გადახვევით დააყენა.
„ ქართველი ხალხი ისევ დაუღალავად იცავს 1991 წელს გაკეთებულ არჩევანს. მოქალაქეების უწყვეტი წინააღმდეგობა გრძელდება ყველგან – მარტვილში ერთი ქალის აქციით და რუსთაველზე მრავალათასიანი დემონსტრაციით, ბიზნესების გაფიცვით და თეატრის მანიფესტით, საპატიმროებში მყოფი ხალხის წერილებით და სასამართლოებზე წარმოთქმული სიტყვებით. საზოგადოებრივ მაუწყებელთან საეთერო დროის მოთხოვნით და ზუგდიდის დაუმორჩილებლობით, რომელიც შემდეგ გადამდები გახდა სხვა ადგილებში პროტესტისთვის“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.