გერმანულმა ბუნდესლიგამ კიდევ ერთი ხმაურიანი ტრანსფერი მიიღო — კრისტიან ერიქსენი კარიერას "ვოლფსბურგში“ გააგრძელებს! დანიელ ვეტერან ნახევარმცველსა და "მგლებს“ შორის წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია და უახლოეს დღეებში ფეხბურთელი გერმანიაში ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ერთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
33 წლის ერიქსენმა "მანჩესტერ იუნაიტედი“ მიმდინარე ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. მისი მომავალი დიდხანს იყო გაურკვეველი — ვარაუდობდნენ, რომ დანიელი MLS-ში გადაბარგდებოდა, სადაც მას რამდენიმე კლუბი სერიოზულად ეძებდა, საუდის არაბეთის ლიგაში წავიდოდა, თუმცა ფეხბურთელმა ევროპაში დარჩენა არჩია.
აღსანიშნავია, რომ "ლევერკუზენი“ თავდაპირველად მთავარი კანდიდატი იყო და გუნდის ხელმძღვანელობა მის დამატებას რეალურად განიხილავდა, მაგრამ ბოლო მომენტში მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. სწორედ მაშინ ჩაერთო "ვოლფსბურგი“ და საბოლოო ტრანსფერიც დაიხურა.
ერიქსენმა „მანჩესტერ იუნაიტედში“ ბოლო, 2024/25 წლების სეზონი საკმაოდ აქტიურად გაატარა: 35 ოფიციალურ შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.