სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ თამაზ ელიზბარაშვილი, როგორც მოშიმშილე პატიმარი იმყოფება არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში. უწყება ამ განცხადებით ბიზნესმენის ადვოკატის განცხადებას გამოეხმაურა.
პენიტენციურის განმარტებით, ის საკანში მარტოა, რადგან:
„ვინაიდან ბრალდებული სამართალდამცავი სტრუქტურის ყოფილი თანამშრომელია, იგი იმყოფება ფლიგელში, სადაც სასჯელს იხდიან სამართალდამცავი უწყებების ყოფილი თანამშრომლები და რადგან ამ ეტაპზე №8 პენიტენციურ დაწესებულების ამ ფლიგელში მყოფი პირებიდან სხვა არავინ შიმშილობს, ბრალდებული ელიზბარაშვილი მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში იმყოფება მარტო“.
უწყება ამბობს, რომ ელიზბარაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებისთანავე ჩაუტარდა ყველა შესაბამისი გამოკვლევა.
„ამჟამადაც, როგორც მოშიმშილე, სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და, საჭიროების შემთხვევაში, მას გაეწევა სათანადო მომსახურება.
ამასთან, იგი უზრუნველყოფილია ქრონიკული დაავადების სამკურნალო შესაბამისი მედიკამენტით და მიიღებს მას დანიშნულებისამებრ.
გარდა ამისა, ბრალდებული საკანში უზრუნველყოფილია ჰაერის გამაგრილებლით – ე.წ. ვენტილატორით. შესაბამისად, სიცრუეა მისი უფლებადამცველის განცხადება, თითქოს ბრალდებულს დასახელებული ნივთი არ აქვს“, – ამბობს უწყება.
რაც შეეხება ტელევიზორით სარგებლობას, პენიტენციური განმარტავს, რომ ის თავად ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა უნდა შეიძინოს პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში, დადგენილი წესის შესაბამისად.
4 სექტემბერს თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება ელიზბარაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, კერძოდ კი ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავება. თავად ელიზბარაშვილი ბრალს კატეგორიულად არ ეთანხმება და თავს სრულიად უდანაშაულოდ მიიჩნევს.
საქმეზე დაზარალებულად რამდენიმე კაცია ცნობილი, მათ შორის შაკო კუჭაშვილი, ასევე „იმედის“ თანამშრომლები – ჯაბა ხუბუა, ნიკა კლდიაშვილი. „რადიო თავისუფლების“ ცნობით დაზარალებულადაა ცნობილი სანდრო გამსახურდიაც, ისიც „იმედში“ მუშაობს.
8 სექტემბერს ელიზბარაშვილმა განაცხადა, რომ ციხეში შიმშილობას იწყებს.
იხილეთ ასევე:
netgazeti