თბილისში ტრადიციული, რიგით 44-ე „შაბათის მარში“ გაიმართა. საპროტესტო მსვლელობა მეტრო „ავლაბრიდან“ მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმართულებით მოეწყო.
„საქართველო ივანიშვილის წინააღმდეგ - არა წამებას!“ - მორიგი მარში იმ ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოსახატავად გაიმართა, „ვინც პოლიციისა და პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლების მხრიდან წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლები არიან“.
„ქართველი ხალხი ისეთ სახელმწიფოს იმსახურებს, სადაც თავისუფლების აღკვეთა არავის მისცემს უფლებას, ადამიანს ღირსება ფეხქვეშ გათელოს, სადაც პოლიცია დანაშაულს ებრძვის და არა თავად ჩადის კრიმინალს, სადაც სახელმწიფო ხალხს ემსახურება და არა ერთ კაცს“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
მსვლელობაში მონაწილეობდნენ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები, პოლიტიკოსები და პატიმრების ოჯახის წევრები. მათ შორის იყო ირმა დავითაძე, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედა. მისი შვილი რუსთავის №6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს სექსუალურ ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებებს უარყოფს.
„მოვითხოვთ, რომ პატიმრებზე ძალადობასა და ასეთ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონდეს“, - თქვა ირმა დავითაძემ.
აქციას შეუერთდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას მან „ქართული ოცნების“ გეგმებზე გააკეთა კომენტარი, რომლებიც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითვალისწინებს.
„აქამდეც „ქართულმა ოცნებამ“ ყველანაირად შეზღუდა პოლიტიკური პარტიებისა და ზოგადად პოლიტიკური საქმიანობის შესაძლებლობები. მათი აკრძალვა კი ამ პროცესის ბოლო იურიდიული აგურია. ეს მიუღებელია, რადგან დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკური პარტიების ამ ფორმით აკრძალვა წარმოუდგენელია. მსგავსი რამ მხოლოდ ტოტალიტარულ რეჟიმებშია შესაძლებელი“, - თქვა ზურაბიშვილმა.
- უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დაახლოებით ერთ თვეში, 28 ნოემბერს დაიწყო. იმ დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგიდან ხსნიდა.
- ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების პროტესტი ხელისუფლების მიერ არაერთი კანონის მიღების მიუხედავად გრძელდება. ეს კანონები ადგილობრივმა ორგანიზაციებმა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებმა „რეპრესიულად“ შეაფასეს. მათ შორისაა რეგულაციები, რომლებიც მოქალაქეებს პროტესტის გამოხატვას, მათ შორის ტროტუარებზე, უზღუდავს.
radiotavisupleba ახალი ამბები