საფრანგეთში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ცხოვრების დონის დაცემის გამო. აქციები დროდადრო არეულობაში გადადის. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ქუჩებში გავიდა 33 ათასამდე ადამიანი, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა 140-მდე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი აქცია. პოლიციამ სულ მცირე 300 ადამიანი დააკავა პარიზში, მარსელში, ტულუზასა და სხვა ქალაქებში.
დემონსტრანტები აცხადებენ, რომ გაბრაზებული არიან ფასების ზრდით, საწვავის სიძვირით, სოციალურ სფეროში სახელმწიფოს ხარჯების შემცირებით, საჯარო მომსახურების დონის ვარდნით, საპოლიციო ძალადობით, სკოლების და უნივერსიტეტების ცუდი მდგომარეობით, ვაკანსიების ნაკლებობით.
მარსელში დემონსტრანტები მერიის შენობაში შეიჭრნენ, თუმცა ისინი იქიდან პოლიციამ გამოდევნა. ლიონში დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს ქალაქის ტურიზმის სამმართველოს. პოლიცია იუწყება ამოყირავებულ მანქანებზე, დამსხვრეულ ფანჯრებზე და ვიტრინებზე, მაროდიორობის მცდელობებზე, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებზე თავდასხმებზე. მიტინგების დაშლისას პოლიცია იყენებს წყლის ჭავლს და ცრემლმდენ გაზს.
საფრანგეთში აქციების პირველი ტალღა სექტემბერში იყო. მათი მთავარი მონაწილეები იყვნენ უფროსკლასელი მოსწავლეები, რომლებიც მოითხოვდნენ სასკოლო განათლების დონის და სახელმწიფო სკოლების დაფინანსების გაზრდას. მოსწავლეებს მხარი დაუჭირეს სტუდენტებმაც. შემდგომში უკმაყოფილების სპექტრი გაფართოვდა. აქციებს შუერთდნენ პროფესიული კავშირები, საზოგადოებრივი აქტივისტები, ულტრამემარცხნე პოლიტიკური მოძრაობების წარმომადგენლები, "ყვითელი ჟილეტები" და სხვა სამოქალაქო ჯგუფები.
radiotavisupleba ახალი ამბები