რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებიდან ერთი კვირის შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, ნანა ყეინიშვილმა განაცხადა, რომ საბჭოს ტოვებს.
„ზიანი რომ არ მიადგეს სახელმწიფოს ინტერესებსა და ეროვნული ბანკის რეპუტაციას, ვტოვებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას“, - წერს ის ფეისბუკზე შაბათ საღამოს, 17 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
ყეინიშვილი ბრალდებებს უარყოფს
ყეინიშვილი წერს, რომ „ეროვნულმა ბანკმაც არაერთხელ განმარტა“, - საბჭოში მისი სტატუსი იყო „არააღმასრულებელი“: „არ გამაჩნდა აღმასრულებელი მართვის მანდატი“.
„პატივს ვცემ ეროვნული ბანკის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და მის უფლებამოსილებას“, - აცხადებს ყეინიშვილი და დასძენს, რომ პოსტს ტოვებს.
„კატეგორიულად არ ვეთანხმები ჩემს მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს, თითქოს ჩემი თანამდებობრივი მდგომარეობა გამოვიყენე პირადი სამეწარმეო ინტერესების განსახორციელებლად, რომელიმე კომპანიისთვის უკანონო უპირატესობის მოსაპოვებლად ან სხვა პირების საქმიანობაზე ზემოქმედებისთვის“, - დაწერა მან 17 ოქტომბერს ფეისბუკზე.
რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიება
რადიო თავისუფლებამ 2026 წლის 9 ოქტომბერს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სათაურით „ბრძოლა კრიპტობიზნესისთვის, ნანა ყეინიშვილის ჩანაწერი და ნახევარმილიარდიანი ჯარიმა“.
გამოძიების თანახმად, ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული კრიპტოკომპანიის, „ბიტექსჩეინჯის“, ბიზნესის წილს ითხოვდა. კომპანიის მფლობელმა წილის დათმობაზე უარი თქვა, რის შემდეგაც ეროვნულმა ბანკმა კომპანია 572 მილიონი ლარით დააჯარიმა.
რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა შესაბამისი აუდიოჩანაწერიც, - რაც „ბიტექსჩეინჯის“ დამფუძნებელმა დავით ორჯონიკიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით 2024 წლის ივლისში ფარულად ჩაიწერა.
- გამოძიებამ ასევე გამოავლინა, რომ ყეინიშვილი და მისი ოჯახის წევრები ფლობენ და მართავენ ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ ბიზნესებს, რაც ეროვნული ბანკის მაღალჩინოსნისთვის კანონმდებლობით აკრძალულია.
- 9 ოქტომბერს გენერალურმა პროკურატურამ გამოაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება ნანა ყეინიშვილის უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო მონაწილეობის ფაქტზე.
- იმავე დღეს ეროვნული ბანკის საბჭომ ერთხმად გადაწყვიტა, რომ გამოძიების დასრულებამდე ყეინიშვილი აღარ მიიღებს მონაწილეობას საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესში.
თავად ყეინიშვილი უარყოფს, რომ კრიპტოკომპანიის დამფუძნებლისგან ბიზნესის წილი მოითხოვა. მისი განცხადებით, „ბიტექსჩეინჯის“ დაჯარიმებასთან კავშირი არ აქვს.
- ეროვნულ ბანკსა და სუსს რადიო თავისუფლებამ შეკითხვები 6 ოქტომბერს გაუგზავნა.
- 9 ოქტომბერს ეროვნულმა ბანკმა და გენერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნეს განცხადებები, რომელთა მიხედვითაც, დაწყებულია გამოძიება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო მონაწილეობის ფაქტზე.
- საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ გამოაცხადა, რომ ყეინიშვილი აღარ მიიღებს მონაწილეობას გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესში.
ბიძინა ივანიშვილის ყოფილი „პირადი ფინანსისტის“, გიორგი ბაჩიაშვილის კომპანია „კრიპტომატი“ გამოეხმაურა კომპანია „ბიტექსჩეინჯის“ დამფუძნებლის პოზიციებს და განაცხადა, რომ ბრალდება ეროვნული ბანკის მხრიდან მათდამი „ფავორიტიზმზე“ არის „აბსურდული“.
„ბიტექსჩეინჯის მენეჯმენტის მიერ წარმოთქმული ფავორიტიზმის ბრალდება აბსურდულია და საკუთარი დარღვევების გადაფარვის მახინჯი მცდელობაა“, - წერს „კრიპტომატი“ 14 ოქტომბერს გამოცემა BMG-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
radiotavisupleba ახალი ამბები