"არაკორექტული შეფასება იყო" - ჭიაბრიშვილი კობიაშვილს პასუხობს

1 week ago 7

„დინამო ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

კობიაშვილმა იუთუბის პოდკასტში „ლაი ლაი“ აღნიშნა, რომ ჭიაბრიშვილს საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, თავს მწვრთნელად მიიჩნევს თუ ექსპერტად და ბათუმელთა თავკაცი ღიად გააკრიტიკა.

"მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სპორტულ გადაცემაში წარმოთქმულ სიტყვებს ჩემთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, ავღნიშნავ და იმედს ვიტოვებ, რომ ქართულ ფეხბურთში ჩართულ თითოეულ ადამიანს, იქნება ეს საფეხბურთო კლუბისა თუ ფედერაციის პრეზიდენტი, მენეჯერი, მწვრთნელი თუ ფეხბურთელი, გვაქვს ერთი სურვილი, მიზანი და პასუხისმგებლობა, რომ ქართული ფეხბურთი ხვალ იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე არის დღეს. ქართული ფეხბურთის წარმატებასა და წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობასაც ვინაწილებთ ჩვენი როლების შესაბამისად. მე, ჩემს წილ პასუხისმგებლობას არასდროს გავქცეულვარ.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ, ჩემი განცხადებისა და პიროვნების შეფასება იყო მინიმუმ არაკორექტული, უფრო სიღრმისეული შეფასებისგან თავს შევიკავებ.

აქედან გამომდინარე, მინდა, რომ ეს ,,გაუგებრობა'' ჩემი ამ განცხადებით დამთავრდეს და ყველა დავუბრუნდეთ იმ საქმის კეთებას, რასაც ქართული ფეხბურთის უკეთესი ხვალინდელი დღის შენება ჰქვია.

ჟურნალისტების ამ თემით ინტერესი ლოგიკური და გასაგებია. მადლობა მათ ქართული ფეხბურთის გაშუქებისთვის, მაგრამ მინდა, რომ პატივი სცეთ ჩემს გადაწყვეტილებას. ამ საკითხზე ჩემი კომუნიკაცია აღნიშნული განცხადებით ამოიწუროს.

წარმატებებს ვუსურვებ ყველას ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ!

", - წერს ჭიაბრიშვილი.

სრულად წაკითხვა