„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებულ რეზოლუციას.
მისივე განმარტებით, მსგავსი რეზოლუციები კონკრეტული მოთხოვნებით წინა თვეებშიც მომზადებულა, საბოლოოდ კი მას არანაირი ფასი არ გააჩნია.
„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარი. თუმცა, ისიც ვიცით, როგორ ხდება ამ რეზოლუციების მიღება. ალბათ, ცოტა ხანში FARA-ს დოკუმენტში ყველაფერი ასახული იქნება და საზოგადოებაც გაიგებს ამას. გვახსოვს ჩვენ ის რეზოლუციებიც, რომლითაც მოგვიწოდებდნენ, რომ თუ სააკაშვილი არ გათავისუფლდებოდა სანქციების არ მივუერთდებდით, თუ მეორე ფრონტი არ გაიხსნებოდა, ვერ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს, დავშორდებოდით დემოკრატიულ ღირებულებებს და ა.შ. ვიცით ამ ყველაფერს რისთვის აკეთებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, მსგავსი რეზოლუციები ევროპული ფასეულობებისგან შორს დგას.
„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არის ქართული, დემოკრატიული კანონი, რაც ითხოვს მხოლოდ დეკლარაციის წარდგენას წელიწადში ერთხელ, ისე, როგორც ეს თანამდებობის პირებს მოეთხოვებათ. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომელი ორგანიზაცია საიდან ფინანსდება. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, მშვიდობას, ხვალინდელ დღეს. ძლიერი სუვერენიტეტით გვინდა ევროპული მომავალი. ის, რასაც დღეს ვისმენთ ამ რეზოლუციებით, ძალიან დაშორებულია ევროპულ ღირებულებებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ინფორმაციას თმილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს