"არაფერი დამიშავებია" - მუდრიკი დოპინგტესტზე ჩავარდა

4 days ago 5

ლონდონის "ჩელსიმ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ "არისტოკრატების" უკრაინელი შემტევი, მიხაილო მუდრიკი დოპინგტესტზე ჩავარდა. 23 წლის გარემარბის მიერ მიწოდებულ ნიმუშში აკრძალული ნივთიერება აღმოჩნდა, რაზეც ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ "ჩელსის" მალევე შეატყობინა.

მიხაილო დროებით დისკვალიფიცირებულია, თუმცა სასჯელის საბოლოო ზომაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

შემთხვევას მუდრიკი ინსტაგრამზე გამოეხმაურა:

"შემიძლია დაგიდასტუროთ: შემატყობინეს, რომ საფეხბურთო ასოციაციისთვის მიწოდებულ ნიმუშში აკრძალული ნივთიერება აღმოჩნდა.

ეს ჩემთვის შოკისმომგვრელია, რადგან განზრახ არასდროს გამომიყენებია აკრძალული ნივთიერება და არც წესები დამირღვევია. მჭიდროდ ვმუშაობ ჩემ გუნდთან, რათა გავარკვიო, თუ როგორ მოხდა ეს.

ვიცი, რომ არასწორი არაფერი ჩამიდენია. იმედს ვიტოვებ, რომ მოედანზე მალე დავბრუნდები. პროცესის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, სხვას ჯერ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ამას ვიზამ მაშინ, როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება."

სპორტსმენების მიერ, აკრძალული ნივთიერების წინასწარი განზრახვით მიღება 4-წლიანი დისკვალიფიკაციით ისჯება. გაერთიანებული სამეფოს ანტიდოპინგ (UKAD) ვებსაიტი სწორედ ამას გვეუბნება.

მუდრიკმა მიმდინარე სეზონში 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ბოლოს ის მოედანზე 28 ნოემბერს, კონფერენს ლიგაზე "ჰაიდენჰაიმთან" მოგებულ მატჩში გამოჩნდა და ამ სეზონში თავისი მე-3 გოლი გაიტანა. 

უკრაინელი "ჩელსის" 2023 წლის იანვარში შეუერთდა. დონეცკის "შახტარს" მიხაილოში 88.5 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადეს.

სრულად წაკითხვა