სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადისა და მისი ოჯახისთვის რუსეთში თავშესაფრის მინიჭების გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მიიღო, - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.
„ცხადია, ამგვარ გადაწყვეტილებას სახელმწიფოს მეთაურის გარეშე ვერ მიიღებდნენ. ეს მისი გადაწყვეტილება იყო“ - მოჰყავს რუსეთის სააგენტო ტასს-ს პესკოვის სიტყვები.
8 დეკემბერს საღამოს რუსეთის მედია წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ მას მერე, რაც ისლამისტი მეამბოხეები დამასკს მიუახლოვდნენ, მანამდე კი სხვა დიდი ქალაქები დაიკავეს, ასადმა გადაწყვიტა დაეტოვებინა სირია და რუსეთისკენ გაფრინდა. ახლა პესკოვმა ეს ცნობა ოფიციალურად დაადასტურა.
პესკოვის თქმით, პუტინის გრაფიკით ასადთან შეხვედრა არაა დაგეგმილი. მან ასევე არ თქვა, თუ სად იმყოფება სირიის პრეზიდენტი. რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად ასადს ყოფილ პრეზიდენტს უწოდებს და აცხადებს, რომ ის ოპოზიციას შეუთანხმდა ხელისუფლების გადაცემაზე. ასადს თავისი რეჟიმის დაცემაზე ჯერ არაფერი უთქვამს და არც საჯაროდ გამოჩენილა. პუტინი არაერთხელ შეხვედრია ასადს, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები ეხმარებოდნენ სირიის სამოქალაქო ომში.