საქართველოს პროკურატურამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლით გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიმიტრი ჩუბინიძე დააკავა. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ბექა კვიციანმა განაცხადა.
„საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ სახელმწიფო საზღვრის დადგენა ხორციელდება მოსაზღვრე სახელმწიფოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, რაც შემდგომში საჭიროებს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიკაციას, ხოლო საზღვრის განსაზღვრის და დადგენის საკითხებზე მოლაპარაკებების წარმართვის და გადაწყვეტის უფლებამოსილება ექსკლუზიურად მინიჭებული აქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიას. სამთავრობო კომისიის მანდატის ფარგლებში, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონაკვეთზე, საზღვრის განსაზღვრასა და დადგენასთან დაკავშირებით, მეზობელ სახელმწიფოსთან შეთახმება ამ დრომდე არ არის მიღწეული, ზემოაღნიშნული ნორმატიული პროცედურა კი თეორიულადაც გამორიცხავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ერთპიროვნულად ტერიტორიის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის შესაძლებლობას.
მიუხედავად აღნიშნულისა, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული, სახელმწიფო ტერიტორიის მეზობელი სახელმწიფოსთვის გადაცემის გამოგონილი ამბის მიმართ საზოგადოებაში რეალური აღქმის შესაქმნელად, დომენტი ჩუბინიძემ მისი რესპოდენტის - ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება, არაერთგზის დაუკავშირა მკვლელობას შურისძიების ნიადაგზე, რაც თითქოსდა გამოწვეული იყო ლაზარე ჯორბენაძის მიერ პრემიერ-მინისტრისადმი მამხილებელი ინფორმაციის გასაჯაროებით.
აღნიშნული ქმედებით, დომენტი ჩუბინიძემ განზრახ, საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების საზიანოდ, განახორციელა საბოტაჟი, რითაც ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყების და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას.
გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დომენტი ჩუბინიძეს ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ფაქტზე წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქმეზე გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას“, - განაცხადა პროკურორმა.
მასალა განახლდება
radiotavisupleba ახალი ამბები