WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე დააკავა.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2026 წლის თებერვლიდან ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებების და სოციალური პლატფორმების გამოყენებით, სისტემატურად ავრცელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს და გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი.

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით, უტყუარად დადასტურდა, რომ სახელმწიფო საზღვრის დადგენა ხორციელდება მოსაზღვრე სახელმწიფოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, რაც შემდგომში საჭიროებს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიკაციას. ხოლო საზღვრის განსაზღვრის და დადგენის საკითხებზე მოლაპარაკებების წარმართვის და გადაწყვეტის უფლებამოსილება ექსკლუზიურად მინიჭებული აქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიას.

სამთავრობო კომისიის მანდატის ფარგლებში, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონაკვეთზე, საზღვრის განსაზღვრასა და დადგენასთან დაკავშირებით, მეზობელ სახელმწიფოსთან შეთანხმება ამ დრომდე არ არის მიღწეული. ზემოაღნიშნული ნორმატიული პროცედურა კი თეორიულადაც გამორიცხავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ერთპიროვნულად ტერიტორიის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის შესაძლებლობას”, – აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურის განცხადებით, მიუხედავად აღნიშნულისა, “ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული, სახელმწიფო ტერიტორიის მეზობელი სახელმწიფოსათვის გადაცემის გამოგონილი ამბის მიმართ, საზოგადოებაში რეალური აღქმის შესაქმნელად, დომენტი ჩუბინიძემ მისი რესპონდენტის, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება არაერთგზის დაუკავშირა მკვლელობას შურისძიების ნიადაგზე, რაც თითქოსდა გამოწვეული იყო ლაზარე ჯორბენაძის მიერ პრემიერ-მინისტრისადმი მამხილებელი ინფორმაციის გასაჯაროებით”.

“აღნიშნული ქმედებით, დომენტი ჩუბინიძემ განზრახ, საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის საზიანოდ, განახორციელა საბოტაჟი, რითაც ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყების და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას.

გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დომენტი ჩუბინიძეს ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ფაქტზე წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

რა ხდება?

ლაზარე ჯორბენაძე „ასავალ-დასავალის“ ხშირი რესპონდენტი იყო. 2026 წელს გამოქვეყნებული ერთ-ერთ ნომერში ის ამბობდა, რომ ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევთან ხელი მოაწერა საიდუმლო შეთანხმებას და დათმო დავითგარეჯის ნაწილი.

ეს ინტერვიუ ჯორბენაძესთან სწორედ დიტო ჩუბინიძემ ჩაწერა და გამოაქვეყნა.

ამას შემდეგ ლაზარე ჯორბენაძის წინააღმდეგ სოცქსელებში გარკვეული კამპანია აგორდა. მას ცილისმწამებელს უწოდებდნენ.

მან კიდევ ერთი ინტერვიუ მისცა „ასავალ-დასავალს“, სადაც ამბობდა, რომ უკან არ იხევდა და კვლავ ადასტურებდა მის მიერ ირაკლი კობახიძეზე გავრცელებული ბრალდების ნამდვილობას. ის ამტკიცებდა, რომ ეს დოკუმენტი ნანახი ჰქონდა.

გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ლაზარე ჯორბენაძე გარდაიცვალა და ოფიციალურ ვერსიად სუიციდი განიხილებოდა. „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტმა დიტო ჩუბინიძემ, რომელიც ჯორბენაძის ინტერვიუერი იყო, განაცხადა, რომ მას არ სჯეროდა თვითმკვლელობის ვერსიის.

ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან გამოგზავნილ მეხუთე წერილში თქვა, რომ პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ რა გახდა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი. მისივე მტკიცებით, „საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს…“

პროკურატურის განცხადებით,  „ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია“ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი. მიუხედავად ამისა, უწყებამ საჯარო პოსტების გამო არაერთი ოპოზიციონერი დაიბარა გამოკითხვაზე, გამოიკითხა ყოფილი პრემიერი ღარიბაშვილიც.

ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების შემდეგ დავით გარეჯის საკითხზე საუბარს აგრძელებდა დიტო ჩუბინიძე. ის მკაცრად აკრიტიკებდა ირაკლი კობახიძეს და ითხოვდა პასუხს მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ. “ოცნების” მხარდამჭერებმა მის წინააღმდეგაც ააგორეს კამპანია სოცქსელებში. ამ ამბების შემდეგ ასავალ-დასავალმა “ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკა გააძლიერა. გაზეთი გამოდის საგანგებო აღნიშვნით, რომ დღეს საქართველოში 1937 წელია.