ასბოლუტურად გაუგებარია, თუმცა მათი საქმეა - კობახიძე აშშ-ის საელჩოს მხრიდან კრიტიკაზე

1 hour ago 2

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე „აბსოლუტურად გაუგებარს“ უწოდებს საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს მიერ ახლადდაარსებული „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ კრიტიკას, თუმცა დასძენს, რომ ეს „მათი საქმეა“.

„რაც შეეხება საელჩოს განცხადებას, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, ღიად შემიძლია ეს ყველაფერი ვთქვა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 3 აგვისტოს ჟურნალისტებთან საუბრისას.

„მით უმეტეს იმ ფონზე, რომ აშშ-ის საელჩო, წინა ადმინისტრაციის პირობებში, იყო ერთ-ერთი მთავარი, ვინც საქართველოში ხელოვნურად ცდილობდა სიძულვილის გაღვივებას, სიცრუის ტირაჟირებას და, სამწუხაროდ, ეს პროცესები იყო კოორდინირებული“, - თქვა მან.

„ველით შემხვედრ პოზიციას“

„აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საელჩოს ეს განცხადება არის ჩემთვის გაუგებარი, თუმცა მათი საქმეა“, - განაცხადა პრემიერმა და დასძინა:

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქართულ საზოგადოებაში სიძულვილის გავრცელება არ დავუშვათ. რაც შეეხება ქართულ -ამერიკულ ურთიერთობებს, ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში და კვლავაც ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს ამ ყველაფერთან დაკავშირებით“.

„ჩვენი სურვილია, აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა და მოთმინებით დაველოდებით ამერიკული მხარის შემხვედრ პოზიციას“, - თქვა ამ საკითხზე საუბრის დასასრულს.

რა თქვა საელჩომ

წინა კვირას, 28 ივლისს საქართველოში შეერთებული შტატების საელჩომ რადიო თავისუფლების კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ახლადდაარსებული „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ გამო.

„ტრამპის ადმინისტრაციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სიტყვის თავისუფლებას მიიჩნევს ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტურ საფუძვლად და ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ცენზურასა და იმ შემზღუდავ კანონებს, რომლებიც გამოიყენება არასასურველი შეხედულებების მქონე ადამიანების ხმის ჩასახშობად“, - წერილობით განუცხადა აშშ-ის საელჩოს სპიკერმა რადიო თავისუფლებას 28 ივლისს.

„როგორც ეს ქართველ პარტნიორებსაც გავუზიარეთ, სტაბილურობა მოითხოვს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან მოქალაქეების სახელით თანამშრომლობს - იმ მოქალაქეებისა, რომლებმაც მათ ხმა მისცეს. პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც შეხედულებების ფართო წარმომადგენლობით არის უზრუნველყოფილი, წარმოადგენს იმ ფაქტორების ნაწილს, რაც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის სანდო პარტნიორად აქცევს“, - მოგვწერეს საელჩოდან.

„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო. სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი“, - განაცხადეს საელჩოში.

სრულად წაკითხვა