WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველოს აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიერ გრანტების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტზე მონიტორინგი დაიწყო მას შემდეგ, რაც სახელისუფლებლო მედიამ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ივარაუდეს, რომ სკოლის პროექტი შესაძლოა ევროპის საბჭომ დააფინანსა იმ კანონის გვერდის ავლით, რომელიც გრანტის გასაცემად მთავრობისგან თანხმობის მიღებას ითვალისწინებს. კერძოდ, საქმე ეხება სკოლის მიერ ბახმაროში გამართულ სემინარს.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში დაწყებულია  მონიტორინგი ა(ა)იპ „კავშირი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ მიერ სავარაუდოდ გრანტის საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე მიღების ფაქტზე“, – განაცხადა აუდიტის სამსახურმა 21 სექტემბერს და აღნიშნა, რომ ის საქართველოს კანონმდებლობით და მათ შორის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებს.

„თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა“ ათწლეულების განმავლობაში მართავს სემინარებს, რომლებიც პოლიტიკურ და სამოქალაქო ლიდერებსა და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს აერთიანებს. სკოლას დიდი ხანია ხელმძღვანელობს არმაზ ახვლედიანი, რომელიც 2021-2024 წლებში ოპოზიციონერი დეპუტატი იყო. თავდაპირველად 2020 წლის არჩევნებზე პარტია „ევროპული საქართველოს“ სიით გასული ახვლედიანი მოგვიანებით პარტიას გაემიჯნა და იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის აღმოჩნდა, რომლებმაც ხელი მოაწერეს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებას საპარლამენტო ბოიკოტის დასრულების შესახებ.

18 სექტემბერს სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედმა“ სემინარს სიუჟეტი მიუძღვნა და გრანტების შესახებ კანონის შესაძლო დარღვევის საკითხი განიხილა. ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი ბახმაროში ჩავიდა და ღონისძიების მონაწილეებსა და იქ მყოფ დიპლომატებს, მათ შორის ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის კითხვები დაუსვა.

ახვლედიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტს განუცხადა, რომ „რაც შეეხება თქვენს კანონებს, რომელიც არის არსით უსამართლო და უკანონო, უნდა გითხრათ, რომ იმის დროც დადგება, როცა ეს ყველაფერი გადაიხედება და ბევრს შეგრცხვებათ“.  მან დასძინა, რომ შეხვედრა ევროპის საბჭოს მიერ იყო ორგანიზებული და სამოქალაქო დიალოგს ეძღვნებოდა.

იმავე დღეს, სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რომლის თქმითაც, იგი თავად მონაწილეობდა აღნიშნული სკოლის პროგრამაში 2007 წელს, განმარტება მოითხოვა იმის თაობაზე, თუ ვინ აფინანსებდა პროექტს, რომელსაც მან „აბსოლუტურად პოლიტიკური შინაარსის“ მქონე უწოდა. მისი თქმით, “არსებობს ეჭვი, რომ პოლიტიკური პროექტი ქართველი ხალხის და მისი კანონების გვერდის ავლით ფინანსდება“.

პაპუაშვილმა იგივე კითხვა 21 სექტემბრის ბრიფინგზეც გაიმეორა; მან მიანიშნა, რომ ევროპის საბჭოს ადგილობრივი ოფისი, შესაძლოა, ქართული კანონმდებლობის გვერდის ავლით მოქმედებდა, ხოლო ახვლედიანი „რადიკალ ოპოზიციონერ პოლიტიკოსად“ მოიხსენია.

პაპუაშვილმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ევროპის საბჭომ, შესაძლოა, შეცვალა სკოლის საქმიანობის დაფინანსების წესი, გრანტების შესახებ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების თავიდან ასაცილებლად. ბახმაროს სემინართან დაკავშირებული განმარტებების საფუძველზე მან აღნიშნა, რომ ორგანიზაციას, შესაძლოა, ფორმალურად არ გაეცა გრანტი, არამედ პირდაპირ გადაეხადა სასტუმროს, ტრანსპორტირების, კვებისა და მომხსენებლების ხარჯები.

„ჩვენ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა ვართ, ევროპის საბჭო სხვა ორგანიზაცია არ არის“, – აღნიშნა მან. „ევროპის საბჭო თუ წევრ ქვეყანაში კანონებს არღვევს და კანონების გვერდის ავლას ცდილობს, კატასტროფული სკანდალია ევროპის საბჭოს ადგილობრივი ოფისისთვის“.

„თუ საქმე მართლაც ასეა, შესაძლოა, კანონმდებლობის გადახედვა გახდეს საჭირო“, — დასძინა მან.

18 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაში „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა ბახმაროს სემინარზე და აღნიშნა, რომ ხელისუფლება შეისწავლის, დაირღვა თუ არა საქართველოს კანონმდებლობა, და რომ დარღვევის დადასტურების შემთხვევაში მას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოყვება.

This post is also available in: English