"მე ბერლინში შევხვდი არა მხოლოდ გიორგი გახარიას, არამედ ევროპელ პოლიტიკოსებსაც. წარმატებული შეხვედრა გვქონდა. ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ და ჩვენ ვრჩებით იმ მემორანდუმის ერთგულები, რომელსაც საზოგადოების წინაშე ხელი მოვაწერეთ და ვალდებულება ავიღეთ, რომ ხალხს სწორედ თანამშრომლობის იმ მოდელს შევთავაზებთ, რაც, სამწუხაროდ, სხვა პარტიებმა ვერ შეძლეს.
კოალიცია "ლელო - ძლიერ საქართველოსა" და გიორგი გახარიას გუნდს აუცილებლად საერთო კანდიდატები ეყოლებათ", - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია რამდენიმე თვეა გერმანიაში იმყოფება - გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გერმანიაში მან ჰუმანიტარული ვიზა ითხოვა, მის პარტიაში არ ადასტურებენ და არც იმას არ ამბობენ, რა ვადითაა წასული გახარია ევროპაში.
"ლელოს" ორივე დამფუძნებელი, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების დროს საპატიმროში იქნება - ისინი არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დააკავეს სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო - კომისია წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულებს სწავლობდა. არც ბადრი ჯაფარიძე და არც მამუკა ხაზარაძე 2012 წლამდე პოლიტიკაში აქტიურად არ მონაწილეობდნენ და არც საჯარო სამსახურში არ ეკავათ რაიმე თანამდებობა.
4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს ციხეში ხვდებიან სხვა ოპოზიციური ლიდერებიც - ზურა ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, გიორგი ვაშაძე, ასევე პოლიტიკოსები გივი თარგამაძე და ირაკლი ოქრუაშვილი.
"ლელო - ძლიერი საქართველოსა" და გიორგი გახარიას პარტიის მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში შეცდომად მიიჩნევს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც 28 ნოემბრის შემდეგ უწყვეტი პროტესტით ცდილობს აიძულოს "ქართული ოცნება", დანიშნოს ახალი არჩევნები და გაათავისუფლოს ანტისამთავრობო აქციების მონაწილეები, რომლებიც სხვადასხვა ბრალდებით არიან დაკავებული და რომლებიც საქართველოს დასავლური კურსის ცვლილებას აპროტესტებდნენ 2024 წლის შემოდგომაზე - ამ დროისთვის საქართველოში 60-მდე პირს მიიჩნევენ პოლიტპატიმრად უფლებადამცველი ორგანიზაციები.