ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა, რომლის დეპორტაციაც საქართველოდან აზერბაიჯანში აპრილის დასაწყისში განხორციელდა, 26 მაისს განაცხადა, რომ მას აზერბაიჯანის დატოვების უფლება არ მისცეს და აღნიშნა, რომ საბაჟოზე უთხრეს, რომ აკრძალვა ბაქოს პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააწესეს.
ჟურნალისტი დეპორტაციის შემდეგ ბაქოში იმყოფება, თუმცა ქვეყნის დატოვებას და საზღვარგარეთ ოჯახთან გამგზავრებას ცდილობს. აპრილის ბოლოს მან საერთაშორისო პასპორტის ასაღებად განაცხადი შეიტანა.
„მათ არ მომცეს აზერბაიჯანის დატოვების უფლება. ჩემს წინააღმდეგ არანაირი კანონის დარღვევა, არანაირი გამოძიება ან სისხლის სამართლის საქმე არ მიმდინარეობს. ისინი ამბობენ, რომ აფგან სადიგოვი აკრიტიკებს ამ ხელისუფლებას – ბანდიტებს, ტირანებს, მკვლელებს, კორუმპირებულ ჩინოვნიკებს“, – დაწერა სადიგოვმა „ფეისბუქზე“ და საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა, მისი თქმით, ბაქოს საერთაშორისო აეროპორტიდან.
სადიგოვი 4 აპრილს გვიან ღამით თბილისში დააკავეს „სოციალურ მედიაში პოლიციელის შეურაცხყოფის“ ბრალდებით, რის შემდეგაც მალევე სასამართლომ მისი დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო იმ კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩამდენი უცხოელების დეპორტაციას ითვალისწინებს. ჟურნალისტი საქართველოში 2023 წლიდან ცხოვრობდა და შვიდ თვეზე მეტი გაატარა წინასაექსტრადიციო პატიმრობაში მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის აგვისტოში დააკავა. იგი გირაოთი გაათავისუფლეს 2025 წლის აპრილში, მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შუალედური გადაწყვეტილება მიიღო მისი აზერბაიჯანში ექსტრადიციის აკრძალვის შესახებ.
This post is also available in:

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·