აფხაზეთში მოსახლეობას დრონის ნამსხვრევების გამო სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

2 hours ago 1

აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სანაპიროზე შესაძლოა გამოირიყოს ჩამოგდებული, თუმცა აუფეთქებელი უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები.

უწყების ინფორმაციით, აფხაზეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა სასაზღვრო ზონაში დრონებით თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს. ერთ-ერთი უპილოტო აპარატი, რომელიც აფხაზეთ-რუსეთის საზღვრის თავზე ჩამოაგდეს, შავ ზღვაში, სანაპირო ზოლიდან დაახლოებით 300 მეტრის დაშორებით ჩავარდა.

დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ზღვის დინებებისა და ამინდის პირობების გამო არსებობს რისკი, დრონის ნამსხვრევები სანაპიროზე გამოირიყოს.

ამასთან დაკავშირებით, უწყებაში მოსახლეობასა და ტურისტებს მოუწოდეს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ: არ მიუახლოვდნენ აღმოჩენილ უცნობ ობიექტებს, არ შეეხონ და არ სცადონ საეჭვო მეტალის საგნებისა და ნამსხვრევების დამოუკიდებლად გადაადგილება.

ივნისის დასაწყისში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ აფხაზეთის თავზე ჩამოგდებული იყო უკრაინული უპილოტო აპარატები რუსეთის ტერიტორიებზე მასშტაბური დრონული თავდასხმის დროს.

სრულად წაკითხვა