თემურ ქეცბაიამ ფამაგუსტას "ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელის რანგში ოფიციალურად წარდგენისას გულწრფელი და ემოციური სიტყვით მიმართა როგორც კლუბის გულშემატკივრებს, ისე ფეხბურთელებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე მთავარი მიზანი ტიტულების დაპირება კი არა, გუნდის ღირსებისა და კონკურენტუნარიანობის აღდგენა იქნება.
„მე ვბრუნდები გუნდში, რომელმაც როგორც ფეხბურთელს, ჩემი ოცნებები ამიხდინა და როგორც მწვრთნელს, თვითგამოხატვის შესაძლებლობა მომცა. ჩვენ ერთად შევძელით ის, რაზეც სხვები მხოლოდ ოცნებობდნენ. მაგრამ ახლა ვერავის დავპირდები თასებს – ეს მხოლოდ ფეხბურთი არ არის, ეს ფამაგუსტას სული და ხსოვნაა,“ – განაცხადა ქეცბაიამ.
მისივე თქმით, "ანორთოსისი“ ამჟამად რთულ ვითარებაშია როგორც სპორტული, ისე ფინანსური თვალსაზრისით და ტიტულებისთვის ბრძოლა ჯერჯერობით რეალისტური არ არის. თუმცა ქეცბაიას მტკიცე მიზანია, გუნდი იმ პოზიციებზე დააბრუნოს, სადაც ისტორიულად იმსახურებს ყოფნას: "ჩვენ უნდა ავიცილოთ ჩავარდნები და ვეცადოთ, რომ კლუბი ისევ იქ ვიხილოთ, სადაც მას ადგილი აქვს. ეს რთული პროცესია, მაგრამ ერთად შეგვიძლია მისი მიღწევა.“
ქეცბაიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას სხვა გუნდებიდანაც ჰქონდა წინადადებები, თუმცა „ანორთოსისში“ დაბრუნება მისთვის განსაკუთრებული გადაწყვეტილება იყო: "ეს მხოლოდ პროფესიული ნაბიჯი არ არის – ეს ჩემი ბედისწერაა. მინდა, რომ "ანორთოსისი“ ისევ გახდეს სიამაყის მიზეზი და ამიტომ დავბრუნდი.“
ქართველი სპეციალისტის თქმით, გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამოსასვლელად საჭირო იქნება როგორც მოთამაშეთა სრული თავდადება, ისე გულშემატკივართა მხარდაჭერა. "ეს გუნდი ქვეყნისთვის სიმბოლურია და მეტს იმსახურებს. ახლა ხალხის თანადგომა ყველაზე მეტად გვჭირდება,“ – აღნიშნა ქეცბაიამ.