აქტივისტი ანა ბდეიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერილი კომენტარების გამო სამართალდამრღვევად ცნეს და 4000 ლარით დააჯარიმეს.
გადაწყვეტილება 21 სექტემბერს გამოაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარიძემ.
„თუმცა მოსამართლეს აშკარად ეტყობოდა, რომ გული დასწყდა, რომ [ანა ბდეიანს] პატიმრობა ვერ შეუფარდა - იგი არასრულწლოვნის დედა არის და ამიტომ ვერ გამოიყენა ეს ზომა“, - უთხრა ბდეიანის ადვოკატმა მარიკა არევაძემ რადიო თავისუფლებას.
რის დაწერას ედავებოდნენ აქტივისტს
სასამართლოს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლი სამმართველომ მიმართა.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, ანა ბდეიანი 2026 წლის 4 აგვისტოს ფეისბუქში „იყენებდა სალანძღავ შეურაცხმყოფელ სიტყვებსა და ფრაზებს“.
ამას გარდა, „2026 წლის 18 აგვისტოს კი ფეისბუქზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი პოსტის ქვეშ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ირაკლი კობახიძეს, 2026 წლის 19 აგვისტოს კი ბესო ჩუბინიძეს“.
ანა ბდეიანის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით აღიძრა, ესენია:
- 166-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც წვრილმანი ხულიგნობაა, გამოიხატება საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებაში, მოქალაქეებზე შურაცხმყოფელ გადაკიდებაში და სხვა ამგვარ ქმედებაში, რომელიც არღვევს საზოგდოებრივ წესრიგს და მოქალაქეთა სიმშვიდეს.
- 17316 მუხლის პირველი ნაწილი, რაც ნიშნავს საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღვა-გინებას, მასზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით.
საქმის დეტალები
ანა ბდეიანის წინააღმდეგ მტკიცებულებად წარდგენილია მისი სოციალური ქსელის [ფეისბუქის] დათვალიერების ოქმი, რომელიც შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორმა ელენა თოდუამ შეადგინა.
„დავათვალიერე სოციალურ ქსელ "Facebook"-ში არსებული შემდეგი სახელწოდების გვერდი „ანა ბდეიანი“!. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ გვერდზე გამოქვეყნებულია რამდენიმე პოსტი, სადაც გამოყენებულია უცენზურო, უხამსი და შეურაცხმყოფელი სიტყვები/ფრაზები, კერძოდ: 2026 წლის 04 აგვისტოს, სოციალურ ქსელ „Facebook"-ში არსებულ გვერდზე „ანა ბდეიანი“ განთავსდა პოსტი სახელწოდებით „ქოცებო თქვენ დაგა@ათ ხუილომ თავზე!" - წერია ოქმში.
ამავე დოკუმენტის თანახმად, ანა ბდეიანმა 2026 წლის 19 აგვისტოს დადო პოსტი აღწერით: „ეს არის მტერთაყვანისმცემელი მონა! თქვენ გაგთხრიან ქოცები ხუილოს ჩეჩმაში და მერე წკმუტუნი არ იყოს!...“.
განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორმა ელენა თოდუამ ანა ბდეიანის დაწერილი კომენტარების შეისწავლა და სამართალდარღვევა აქტივისტ თორნიკე რაზმაძის ვიდეოს ქვეშ დაწერილ კომენტარებშიც იპოვა. ამ შემთხვევაში ანა ბდეიანი ირაკლი კობახიძეზე წერს: „ეს მოღალატე ნაბი**არი“.
აქტივისტის წინააღმდეგ რომ სასამართლოში საქმე იყო აღძრული ცნობილი პროსახელისუფლებო იმედისა და რუსთავი 2-ის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ე.წ. ქარდებიდან გახდა.
ადვოკატ მარიკა არევაძის თქმით, საქმე სასამართლოში მას შემდეგ შევიდა, რაც თავად დარეკეს და მოიკითხეს, „სად იყო სარჩელი, რომლის შესახებაც პროპაგანდისტული მედიები წერდნენ".
„სიძულვილის ენის წინააღმდეგ“
შინაგან საქმეთა სამინისტროში 2026 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო. შსს მოქალაქეებს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსების, და არამხოლოდ მათ, საჯარო შეურაცხყოფას ედავება.
პირველი ივნისიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ახალი სამმართველოს ინსპექტორები როგორც თავად უწოდებენ, სოციალური ქსელების „მონიტორინგს“ შეუდგნენ, უკვე არაერთი ადამიანია დაჯარიმებული. 14 დღით დააპატიმრეს ჟურნალისტი ვახო სანაია.
ის კომენტარები, რომელთა გამოც "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო" მოქალაქეებს სავარაუდო სამართალდამრღვევებად მიიჩნევს და მათი საქმეები სასამართლოში მიაქვს, სოციალურ ქსელებში რჩება და ყველასთვის ხელმისაწვდომია იმ შემთხვევაში, თუკი თავად პოსტის ან კომენტარის ავტორი არ გადაწყვეტს, რომ ის წაშალოს.
2026 წლის 28 ივლისს შტატების საელჩომ რადიო თავისუფლების კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ახლადდაარსებული „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ გამო.
- საელჩომ ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და აშშ სიტყვის თავისუფლებას მიიჩნევენ ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტურ საფუძვლად და „მტკიცედ ეწინააღმდეგებიან ცენზურას“.
- ირაკლი კობახიძემ ამ კრიტიკას „აბსოლუტურად გაუგებარი“ უწოდა, თუმცა დასძინა, რომ ეს „მათი საქმეა“.
radiotavisupleba ახალი ამბები