აქციაზე დაკავებულ ქალებს სპეცრაზმელები გაუპატიურებით დაემუქრნენ – “ჩემი ხმა”

16 hours ago 5

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია “ჩემი ხმა” აღწერს იმ ძალადობრივ გამოცდილებებს, რომლებიც პროევროპული აქციების დროს დაკავებულ ქალებს ჰქონდათ. უშალოდ დაკავებულ ქალებისა და მათი იურისტების ინფორმაციით, სპეცრაზმელები, ფიზიკური ძალადობის გარდა, სექსუალური ძალადობით და მკვლელობითაც ემუქრებოდნენ.

“შემაძრწუნებელია ის გარემოება, რომ აქციაზე დაკავებულმა რამდენიმე ქალმა საჯაროდ ისაუბრა მათ მიმართ დაკავების დროს და მის შემდგომ პერიოდში პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ძალადობის, არაადამიანური,  ღირსების შემლახავი  მოპყრობის, სექსუალური შევიწროების  და გაუპატიურების მუქარის ფაქტების თაობაზე.  

  • ქალების განცხადებით, დაკავების პროცესში სპეცრაზმი მათ ფიზიკურად გაუსწორდათ, ემუქრებოდნენ გაუპატიურებითა და სიცოცხლის მოსპობით;
  • გაუპატიურების მუქარის კიდევ უფრო სიცხადისათვის ადგილი ჰქონდა სპეცრაზმელების მიერ გაუპატიურების აქტის აღწერას უწმაწური სიტყვების გამოყენებით, დაკავების სპეციალურ მანქანისკენ წაყვანის მუქარას, რაც მსხვერპლისთვის კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდიდა მათ სიტყვებს. 
  • აქციაზე დაკავებული ქალის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებების თანახმად, დაკავების მანქანაში მას არ მისცეს საშუალება სკამზე დაჯდომის, მთელი გზა მუხლებზე დაჩოქილი ამგზავრეს და ამასთან ადგილი ჰქონდა სექსუალური შევიწროების ფაქტს. 
  • ერთ-ერთი დაკავებული ქალის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებით, მას პოლიციის განყოფილებაში გადაუღეს ვიდეოები და ამცირებდნენ სექსუალური შინაარსის კომენტარებით;
  • აქციის მონაწილე ერთ-ერთმა ქალმა, რომელსაც სახეზე ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, საჯაროდ გააკეთა განცხადება, რომ ის აქციის დაშლის დროს პოლიციელებმა თითქოსდა განრიდების მიზნით გაიყვანეს, რის შემდეგაც სცემეს”, – ვკითხულობთ “ჩემი ხმის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კოალიციის ინფორმაციით, 28 ნოემბრის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელ ხაზზე [577 07 07 63] 10 ქალის დაკავების შესახებ შევიდა ინფორმაცია. თუმცა, მათ არ აქვთ ინფორმაცია დაკავებული ქალების ზუსტი რაოდენობის შესახებ.

უფლებადამცველები მსგავსი გამოცდილების მქონე ქალებს, ან მათ, ვინც შეიძლება მომავალში აღმოჩნდეს ამგვარი მოპყრობის ობიექტი, მოუწოდებენ დაუკავშირდნენ მათ ცხელ ხაზზე – 577 07 07 63. ისინი ქალებს კონფიდენციალურ სრულ სამართლებრივ დახმარებასა და ყველა საჭირო სარეაბილიტაციო სერვისის მიღებას სთავაზობენ.

რეკომენდაციები:

მივმართავთ ქალებს, თუ თქვენ დაგაკავეს და გადაგიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, უნდა იცოდეთ, რომ: 

  • თქვენი პირადი დათვალიერება უნდა ჩაატაროს იმავე სქესის წარმომადგენელმა;
  • პირადი დათვალიერება არ ხდება ყველას დასანახად, მას შეიძლება დაესწროს იმავე სქესის წარმომადგენელი;
  • ვიდეომეთვალყურეობის არსებობისას აუცილებელია თქვენი წინასწარი ინფორმირება;
  • პირადი დათვალიერების დროს დაუშვებელია თქვენი  სრული გაშიშვლება
  • პირადი დათვალიერების დროს სხეულის ცალკეული ნაწილის დათვალიერება (ასეთის აუცილებლობისას მაგალითად დაზიანებების შემოწმებისას) ვიდეომეთვალყურეობის კამერების თვალთახედვის არეში არ უნდა მოხდეს

დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისას ქალები: 

  • უნდა განთავსდნენ მამაკაცებისგან განცალკევებით
  • ორსული ქალი უნდა განთავსდეს სხვა პირებისგან განცალკევებით
  • პატიმრობაშეფარდებული ქალისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჰიგიენური საშუალებები. 

დროებით მოთავსების იზოლატორში მოთავსებულ ნებისმიერ პირს უფლება გაქვთ, მოითხოვოთ: 

  • ადვოკატთან დაკავშირება
  • სახალხო დამცველის ცხელ ხაზთან დაკავშირება (1481)
  • სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზთან დაკავშირება  (199)

ზარის განხორციელება უნდა უზრუნველყოს იზოლატორის ადმინისტრაციამ. 

“დაუშვებელია სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან ისეთი ქმედებების განხორციელება ან ისეთი ქმედებების შესრულების მოთხოვნა, რომელიც დამამცირებელია, ლახავს თქვენ ღირსებას, მიმართულია თქვენი სექსუალური თუ სხვა ნიშნით შევიწროებისკენ. წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით და ისჯება სისხლის სამართლის წესით”, – ვკითხულობთ “ჩემი ხმის” განცხადებაში.

სრულად წაკითხვა