გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ გამაოცხადა. ცეკვავა, მისი რამდენიმე კოლეგის მსგავსად, მორიგე მოსამართლეა და მათ ეწერებათ ხოლმე აქციაზე დაკავებული ადამიანების საქმეები განსახილველად.
ადვოკატები მოსამათლეს უხსნიდნენ, რომ ბექა ყორშია დაკავების დროს ჟურნალისტურ მოვალეობას ასრულებდა.
„დაკავება მოახდინა რობოკოპებმა და არა მითითებულმა დამკავებელმა პირებმა. მათ მხოლოდ ოქმი შეადგინეს“, - თქვა სხდომაზე ჟურნალისტის ადვოკატმა ბექა გვენეტაძემ, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტმა ასე უპასუხა: „დამკავებლები არიან ის ადამიანები, რომლებმაც დაინახეს სამართალდარღვევა და მიიღო მისი დაგავების გადაწყვეტილება. არ არის აუცილებელი, რომ უშუალოდ კონკრეტულმა პირმა დააკავოს“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ბექა ყორშიას დაკავების საქმეზე მოწმედ ამავე უწყებაში დასაქმებული პოლიციელი, დავით ჟორჟოლაძე ჰყავდა. მისი თქმით, დაკავების მიზეზი „აგრესიულობა“ იყო.
ადვოკატი ვიქტორ კვიტატიანი: რამდენი ხანი იყო ბექა თქვენი თვალთახედვის არეში?
მოწმე პოლიციელი: 1 წუთი, ალბათ.
ადვოკატი: 1 წუთში რა დაინახეთ, რა ქმედება ჩაიდინა? რაში გამოიხატა [აგრესიულობა] კონკრეტულად?
მოწმე: ნუ, მოწოდების მერე რომ არ დაიშალა ხალხი. ჟესტიკულაციით, გინებით, კარგად იცით თქვენ, რასაც შვებოდა.
ადვოკატი: რატომ ჩათვალეთ, რომ კონკრეტულად მისი დაკავება საჭირო იყო?
მოწმე: აი, ასე ჩავთვალე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთ მოწმედ პოლიციელი გიორგი ბაბუციძე ჰყავდა მიყვანილი. მისი სიტყვებით, არ ახსოვს დაკავების დრო და დეტალები.
ბექა ყორშია თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 6-7 დეკემბრის ღამეს დააკავა. უკვე მეთერთმეტე დღეა ათასობით ადამიანი „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს.
„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 372 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა, მათგან 62-ს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, 100-ზე მეტი დააჯარიმა. სხვა საქმეებზე განხილვები გრძელდება.
გარდა ამისა, პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადა.