აქციაზე დაკავებული იურისტი გიორგი დავითური სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და დააჯარიმა

1 week ago 5

პროევროპულ აქციაზე 2 დეკემბერს დაკავებული იურისტი, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი გიორგი დავითური სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და დააჯარიმა.

„დღეს დასრულდა სასამართლო. მცნეს სამართალდამრღვევად და დამაჯარიმეს. განზრახ არ ვიტყვი არაფერს ამ გადაწყვეტილების თავსებადობაზე სიმართლესთან ან სამართალთან“, - წერს იგი ფეისბუკზე.

იგი პოლიციის განყოფილებაში 48 საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული და 4 დეკემბერს გაათავისუფლეს, სასამართლო კი 10 დეკემბერს გაიმართა.

„მჯერა, რომ საქართველო მოიგებს ამ ბრძოლას. ხოლო ის ტკივილი, რომელსაც ბევრი ჩვენგანი გრძნობს, ძლიერი და რეალურად დემოკრატიული ინსტიტუტების აშენების საწინდარი გახდება. ინსტიტუტების, რომლებიც აღარ დაუშვებს საშინელებას, რომელსაც უწყვეტ რეჟიმში ვადევნებთ თვალს“, - წერს დავითური ფეისბუკზე.

მედიისა და მოქალაქეების მიერ გადაღებულ ვიდეოებში ჩანს, რომ პოლიციამ მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარედ აქციის დაშლისას ათობით მოქალაქე დააკავა. დავითურიც მათ შორის იყო.

გიორგი დავითური IDFI-ის კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელია.

იმ ღამეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დემონსტრანტების დაშლის განსხვავებულ ტაქტიკას მიმართა. ცრემლმდენი გაზის გამოყენებისა და გამოდევნების შემდეგ, რუსთაველის გამზირიდან უკანდახეულ აქციის მონაწილეებს პოლიციის მიერ გადაკეტილი დახვდათ რესპუბლიკის მოედანი და კოსტავას ქუჩა მეტროსადგური „რუსთაველის“ ზევით.

28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის ოთხასამდე მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა - 8 დეკემბრის მონაცემებით, მათგან 62-ს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, 100-ზე მეტი კი დააჯარიმა. სხვა საქმეებზე განხილვები გრძელდება.

გარდა ამისა, პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი.

მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის არც ისინი, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადა.

სრულად წაკითხვა