29-30 ოქტომბრის ღამეს, რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტოგრაფი მირიან მელაძე დაშავდა.
მელაძე ვარაუდობს, რომ ფეხში სამართალდამცველების მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიები მოხვდა.
„დაზუსტებით თქმა არ შემიძლია, თუმცა სასწრაფო დახმარების ექიმმა მითხრა, თქვა, რომ რეზინის ტყვიის შედეგად მიყენებულ დაზიანებას ჰყავს. ჩემთან ერთად IPN-ის ფოტოგრაფიც იყო და იმასაც იგივე დაუდასტურა. ჩემი გადაადგილების მიმართულებით თუ ვიმსჯელებთ, [ტყვია] პოლიციის მხრიდან მაქვს მოხვედრილი და არა — აქციის მონაწილეების“, — განუცხადა მელაძემ „ნეტგაზეთს“.
„30 ნოემბრის დილის 2-3 საათზე „მერიოტთან“ შეჯგუფებულ მედიას წყლის ჭავლი მოგვიშვეს. რამდენიმე კაცმა გასწრება ვცადეთ და მაშინ გვესროლეს რეზინის ტყვიები. მირიანს ოთხი მოხვდა. მე საბედნიეროდ ერთი პატარა და მუხლთან. ჩემი შედარებით არაფერია“, — წერს „ინტერპრესნიუსის“ ფოტოგრაფი ვანო გორგიშვილი.
გორგიშვილიც დარწმუნებულია, რომ დაზიანების სამართალდამცველების მხრიდან მიიღო.
„ფიზიკურად შეუძლებელია, სხვა ტრაექტორია ყოფილიყო. ხალხისგან უკვე შენობა გვეფარებოდა“, — ამბობს ის.
28 ნოემბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით, ყოველ ღამე, პოლიცია არბევს მომიტინგეებს, რომლებიც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას აპროტესტებენ. დაკავებულია 224 ადამიანი. საია-ს ცნობით, დაკავებულთა შორის არიან არასრულწლოვანები, ქალები, ჟურნალისტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები. სამართალდამცველებმა არაერთ ჟურნალისტს შეუშალეს ხელი პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა.